CNN: უკრაინამ რუსეთს ამერიკული რაკეტები პირველად ესროლა

Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. უკრაინამ, ესკლაციის მეათასე დღეს რუსეთში იარაღის არსენალს ამერიკული ATACMS-ებით დაარტყა, იუწყება CNN-ი აშშ-ის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

„თავდასხმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ კიევისთვის მწვანე შუქის ანთებიდან ორი დღის შემდეგ მოხდა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ ამერიკული იარაღის გამოყენებას ეხებოდა. <...> ეს აჩვენებს, რომ კიევმა ბევრი დრო არ დაკარგა ახლად მინიჭებული უფლებამოსილების გამოსაყენებლად“, — აცხადებს ტელეკომპანია.

ამასთან CNN-ი ხაზს უსვამს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინამ შორი მანძილის ამერიკული იარაღი გამოიყენა რუსეთის სიღრმეში არსებულ სამიზნეებზე იერიშის მისატანად.
ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე არც დაადასტურა და არც უარყო თავდასხმის ფაქტი. თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს საკუთარი წარმოების შორი დისტანციის დრონები, ფრთოსანი რაკეტები და ახლა უკვე რაკეტა ATACMS-ებიც „და ჩვენ ამ ყველაფერს გამოვიყენებთ“.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, უკრაინამ ექვსი ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი ესროლა ბრიანსკში მდებარე ობიექტს, თუმცა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ შეტევა მოიგერია.