უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში - ახალი მონაცემები

საქართველოში შრომისუნარიანმა, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 2024 წლის მესამე კვარტალში 54,7% შეადგინა
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ 13,8% შეადგინა, რაც მეორე კვარტალთან შეადრებით 0,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ნათქვამია სტატისტის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე იყო 13,7%, პირველ კვარტალში - 14%, 2023 წლის მეოთხე კვარტალში - 15,3%, მესამე კვარტალში 15,6%, მეორე კვარტალში - 16,7%.
უმუშევრობა ციფრებში
უმუშევრობის დონემ 2024 წლის მესამე კვარტალში 13,8% შეადგინა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 1,8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 26,4 ათასი ადამიანით, ანუ 10,5%-ით შემცირდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 225,7 ათასი ადამიანი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, უმუშევრობის დონე სოფლად გაცილებით დაბალია, ვიდრე ქალაქებში. 2024 წლის მესამე კვარტალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქალაქებში უმუშევრობის დონე 2,6 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლებში 0,5%-ით და შესაბამისად, 14,1 და 13,4% შეადგინა.
ტრადიციულად უმუშევრობა მამაკაცებში უფრო მეტია, ვიდრე ქალებში. 2024 წლის ივლის-სექტემბერში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მამაკაცებს შორის 2პროცენტული პუნქტით შემცირდა 15,6%-მდე, ქალებს შორის კი 1,3პროცენტული პუნქტით 11,5%-მდე.
მოსახლეობის აქტივობა
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში შრომისუნარიანმა, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 2024 წლის მესამე კვარტალში 54,7% შეადგინა - 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით მეტი.
ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.
„ქალაქის დასახლებებში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, სოფლის დასახლებებში კი 0,3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მთელ ქვეყანაში დასაქმების დონე 1,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47,1% შეადგინა“, - ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
2024 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69,2% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 31,2 ათასი ადამიანით (3,3%) 974,4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 9,9 ათასით გაიზარდა (2,4%) და 432,7 ათასი შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია მამაკაცებში. 2024 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44,9 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 66,1%-ს შეადგენდა. ამასთან, ქალების აქტივობის დონე 1,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, მამაკაცებში კი 0,2 პროცენტული პუნქტით.