თბილისი, 19 ნოემბერი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, უაქციზო სიგარეტის უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“, „ნინოწმინდა“ და „ყაზბეგი“ აღიკვეთა.
უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 38.260 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
ორი კანონდამრღვევი მოქალაქე, რომლებსაც ქმედება განმეორებით ჰქონდათ ჩადენილი სანქციის სახით 3ათასი ლარით დაჯარიმდა, ხოლო ერთი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.