აქციაზე დაკავებულები სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს

Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული 14 მოქალაქე და აქციის დაშლისას მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო, კლინიკაში მყოფი 2 მოქალაქე მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუსმენის აპარატი ავრცელებს.
ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა, რომლებიც საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ, ჭავჭავაძის გამზირზე სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია 17 ნოემბერს დაიკავეს. აქციის მონაწილეებმა ჯერ კარვები გაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია სამარშრუტო ტაქსებით, ქვიშით სავსე ტომრებით, ნაგვის ურნებითა და სხვა საგნებით ჩახერგეს..
19 ნოემბრის დაახლოებით 07:00 საათზე ადგილზე ძალოვანები გამოჩნდნენ და გზის სავალი ნაწილის გაწმენდა მოითხოვეს. მათ თავიანთი მოთხოვნა იმით ახსნეს, რომ კანონის თანახმად, გზის გადაკეტვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული იძულებითი ღონისძიება გამოწვეულია ხალხის სიმრავლს გამო.
„იმ 16 პირიდან, რომლებიც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს, 10 აცხადებს, რომ არის სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა, ან ძალის გადამეტების მსხვერპლი", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაიწყოს და წარმართოს ეფექტიანი გამოძიება - ყველა პასუხისმგებელი პირის გამოსავლენად.
ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია და კადრები გადასცა, რომელშიც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებია ასახული.
„სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების ეფექტიანობის შეფასების მიზნით, მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მსვლელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
აქციის დაშლა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს, რომელიც 17 ნოემბრის საღამოდან იყო გადაკეტილი. ზოგიერთმა აქტივისტმა პროტესტის ნიშნად კარვები დაწვა.
სამართალდამცველებმა თავიანთი მოთხოვნა იმით ახსნეს, რომ კანონის თანახმად, გზის გადაკეტვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული იძულებითი ღონისძიება გამოწვეულია ხალხის სიმრავლს გამო.
აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლეს და მხარდამჭერებს შემოერთებისკენ მოუწოდეს.
ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პოლიცია სასტიკად გაუსწორდა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, მმართველი პარტია „ქართულ ოცნებაში“ კი განმარტეს, რომ პოლიცია მოქმედებდა ლოგიკურად და კანონის ფარგლებში.
საღამოსთვის აქციის მონაწილეთა რაოდენობამ მატება დაიწყო. დაახლოებით 20:00 საათზე ოპოზიცია, სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები და მხარდამჭერები კვლავ დაუბრუნდნენ პროტესტის ძველ ადგილს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას - ადგილზე კარვები კვლავ მიიტანეს.
ვინ რას აპროტესტებს
აქციის ორგანიზატორები არიან ოპოზიციური გაერთიანებები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებისთვის", რომელთა ლიდერები მიხეილ სააკაშვილის პერიოდის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.
აქციებში რიგითი მონაწილეების სახით მონაწილეობენ დანარჩენი ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე შევიდნენ პარლამენტში - კოალიცია „ძლიერი საქართველო" და პარტია „საქართველოსთვის".
ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები შეეცადნენ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მეშვეობით მიეღოთ აღიარება საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასობრივი დარღვევისა და საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა როგორც ცესკოსთვის, ისე სასამართლოებისთვის, გარდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოსი, რომლის გადაწყვეტილებაც მოგვიანებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.
მოსარჩელეების თქმით, ის, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად, არის ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა.
სასამართლოებისთვის უფრო წონადი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
სამშაბათს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ფარულობისა და საყოველთაო საარჩევნო უფლების დარღვევის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
საღამოს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის 30-მა დეპუტატმა საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ განცხადება კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თამარ კორძაიამ გააკეთა.