თბილისის ცენტრში გზები გადაკეტილია - ოპოზიციამ აქციის გახანგრძლივება გადაწყვიტა

აღნიშნული გადაწყვეტილება ბარიერგადალახულმა ოპოზიციამ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ მიიღო.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციამ, რომელიც უარს აცხადებს საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე, უწყვეტი 24-საათიანი საპროტესტო აქციის გახანგრძლივება გადაწყვიტა - თბილისის ცენტრში ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძი 17 ნოემბრის საღამოდან გადაკეტილია.
აღნიშნული გადაწყვეტილება აქციის ორგანიზატორებმა - ოპოზიციურმა გაერთიანებებმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებისთვის" - საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ გააჟღერეს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან" კონფლიქტშია და ოპოზიციას უჭერს მხარს უჭერს.
„მიზანია, პროტესტმა მთელი თბილისი მოიცვას... ასეთი კერები ბევრი უნდა გაჩნდეს“, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტია „ახალის" თანადამფუძნებელმა ნიკა მელიამ.
გუშინ მელიას თანამებრძოლმა, „ახალის“ თანადამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ თბილისელებს ბოდიში მოუხადა გზების გადაკეტვის გამო შექმნილი დისკომფორტისთვის და დასძინა, რომ ოპოზიცია „მიზანმიმართულად, გეგმაზომიერად, მშვიდობიანად“ დაიკავებს მთელ ქვეყანას.
ვარაზისხევის, მელიქიშვილის, კეკელიძის ქუჩებისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე უკვე მეორე დღეა კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეებს ურიგებენ საკვებს, ცხელ სასმელებსა და პლედებს, რათა ღამით აღნიშნულ ტერიტორიაზე დარჩნენ.
ორშაბათს სასწავლო პროცესი გაუქმდა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა კორპუსში. უნივერსიტეტის მთავარი - პირველი კორპუსი მოვლენების ეპიცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობს - ჭავჭავაძის გამზირის და ვარაზისხევის კვეთაზე.
არჩევნები 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა.
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. ისინი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა. პროტესტის ნიშნად ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები აქციებს ყოველდღიურად ატარებენ.
პირველი, რაც ოპოზიციონერებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, არის ის, რომ კენჭისყრის დროს მასობრივად დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრონციპი, მეორე - ვერიფიკაციის აპარატებით მაქინაციების წყალობით არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს „კარუსელები“.
პირველ ბრალდებას ის არგუმენტი ამყარებდა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა სარჩელები კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების შედეგების გაუქმების თაობაზე, პარასკევს გაიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
რაც შეეხება „კარუსელებს“, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები დუბლირებული იყო და ცალკეული ამომრჩეველი ხმას სხვისი დოკუმენტებით აძლევდა.
ოპოზიცია ითხოვდა ამომრჩეველთა კენჭისყრის მონაცემების გასაჯაროებას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის ჩატარება, თუმცა, მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს.
ამ დროისთვის ვერიფიკაციის აპარატები დალუქულია პროკურატურის მიერ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს იძიებს.
ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა დაადასტურა ცესკოს სერვერებზე და უბნებზე გამოყენებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე განთავსებული სიების შესაბამისობა და ასევე გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.