თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარების წინააღმდეგ ოპოზიციის პროტესტი მიზნად ისახავს სიტუაციის მაქსიმალურად გამწვავებას და დასავლელი პარტნიორებისთვის ნეგატიური განცხადებებისა და შეფასებების გაკეთებისთვის საბაბის მიცემას, მიაჩიათ მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე აკეთებენ განცხადებებს. კოალიციების „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ კარვები გაშალეს და მოძრაობა გადაკეტეს.
„შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უსუსური გაკოტრებული პოლიტიკური რადიკალური კლანის ბოლო გაფართხალება. მათი მიზანია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში მოვლენების მაქსიმალური ესკალაცია მოახდინონ ერთი მარტივი მიზნით, რომ მეტი უარყოფითი შეფასება მიიღოს საქართველომ ევროკავშირისგა", - განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან" მაია ბითაძემ.
ეს კიდევ ერთხელ გვანახებს, თუ რაოდენ ბოროტი და მოღალატეობრივია ის ძალა, რასაც მმართველი გუნდი რადიკალურ ოპოზიციას უწოდებს, დასძინა ბითაძემ.
თვალსაჩინოა, რომ ოპოზიციის პროტესტი ყალბია, ისევე როგორც ყალბია მიზნობრიობა, რასაც ეს პროტესტი ატარებს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას.
იგი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ბოლო ქმედებები უკავშირდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას, რომელზეც იგეგმება საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებული ვითარების განხილვა.
„მათ (ოპოზიციის წარმომადგენლებს - რედ.) უნდათ რომ დადგან სურათი, პიარულად გაბრენდილი ფოტო-ვიდეო მასალა, რაც მისცემთ მათ ევროპელ მხარდაჭერებს და პატრონებს საფუძველს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ არაერთი უსამართლო განცხადება გააკეთონ“, - განაცხადა წილოსანმა.
აამსთან, ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებებისთვის" „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ", „ძლიერმა საქართველომ" და „საქართველოსთვის" ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას მოითხოვენ.
გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობა შეაჩეროს. მათ შორის, გადადოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები, შეაჩეროს ყველა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, გაყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმები მანამ, სანამ ისინი არ დათანხმდებიან საერთაშორისო გამოძიებას.
საპროტესტო აქცია ჭავჭავაძის გამზირზე
© photo: Sputnik
რაც შეეხება საპროტესტო აქციას, ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, კარვებში გაათია. გუშინ აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირი კარვებითა და მიკროავტობუსებით გადაკეტეს, რის გამოც ვაკის რაიონი ამ დრომდე პარალიზებულია.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქცია 24 საათზეა გათვლილი და დღეს, 20:00 საათამდე გაგრძელდება.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა.
ნიკა გვარამია და ხატია დეკანოიძე საპროტესტო აქციაზე
© photo: Sputnik
პირველი, რაც ოპოზიციონერებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, არის ის, რომ კენჭისყრის დროს მასობრივად დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრონციპი, მეორე - ვერიფიკაციის აპარატებით მაქინაციების წყალობით არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს „კარუსელები“.
პირველ ბრალდებას ის არგუმენტი ამყარებდა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა სარჩელები კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების შედეგების გაუქმების თაობაზე, პარასკევს გაიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
რაც შეეხება „კარუსელებს“, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები დუბლირებული იყო და ცალკეული ამომრჩეველი ხმას სხვისი დოკუმენტებით აძლევდა.
საპროტესტო აქცია
© photo: Sputnik
ოპოზიცია ითხოვდა ამომრჩეველთა კენჭისყრის მონაცემების გასაჯაროებას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის ჩატარება, თუმცა, მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს.
ამ დროისთვის ვერიფიკაციის აპარატები დალუქულია პროკურატურის მიერ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს იძიებს.
ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა დაადასტურა ცესკოს სერვერებზე და უბნებზე გამოყენებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე განთავსებული სიების შესაბამისობა და ასევე გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.