კალაძე: საქართველოს უკვე ჰყავს „სახალხო მთავრობა" და არ სჭირდება „სახალხო პარლამენტი"

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, მან პრეზიდენტს „სახალხო პარლამენტის“ შექმნის იდეა შესთავაზა.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ უკვე არჩეულია „სახალხო მთავრობად“ და ის იცავს ქვეყნის ინტერესებს, განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში შეხვედრებს მართავს იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, რომლებიც უარს აცხადებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარებაზე. როგორც შეხვედრის შემდეგ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, მან პრეზიდენტს „სახალხო პარლამენტის“ შექმნის იდეა შესთავაზა.
„სახალხო მთავრობა" დღეს წარმოდგენილია „ქართული ოცნების“ სახით, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ჩააბარა მმართველობა და ის წარმოადგენს და იცავს ქვეყნის ინტერესს", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც ინარჩუნებს მშვიდობას, სიმშვიდეს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
„რაც არ უნდა შემოტევა იყოს, რაც უნდა შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდებოდეს, იყოს მუქარები, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, დავიცავთ ეროვნულ ინტერესს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, - განაცხადა კალაძემ.
ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით „სახალხო პარლამენტის“ შექმნის თაობაზე ოპოზიციის იდეის კომენტირებისას, კალაძემ აღნიშნა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
„მანდ პრემიერიც სალომე ზურაბიშვილი იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, რა პრობლემაა? ორივე ერთად იყოს. თუნდაც 150-ვე დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყოს, არანაირი პრობლემა არ არის", - აღნიშნა კალაძემ.
არჩევნები ოპოზიციით თვალით
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე აკეთებენ განცხადებებს. ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, კარვებში გაათია. გუშინ აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირი კარვებითა და მიკროავტობუსებით გადაკეტეს, რის გამოც ვაკის რაიონი ამ დრომდე პარალიზებულია.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა.
პირველი, რაც ოპოზიციონერებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, არის ის, რომ კენჭისყრის დროს მასობრივად დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრონციპი, მეორე - ვერიფიკაციის აპარატებით მაქინაციების წყალობით არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს „კარუსელები“.
პირველ ბრალდებას ის არგუმენტი ამყარებდა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა სარჩელები კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების შედეგების გაუქმების თაობაზე, პარასკევს გაიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
რაც შეეხება „კარუსელებს“, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები დუბლირებული იყო და ცალკეული ამომრჩეველი ხმას სხვისი დოკუმენტებით აძლევდა.
ოპოზიცია ითხოვდა ამომრჩეველთა კენჭისყრის მონაცემების გასაჯაროებას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის ჩატარება, თუმცა, მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს.
ამ დროისთვის ვერიფიკაციის აპარატები დალუქულია პროკურატურის მიერ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს იძიებს.
ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა დაადასტურა ცესკოს სერვერებზე და უბნებზე გამოყენებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე განთავსებული სიების შესაბამისობა და ასევე გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.