ბერძენიშვილი: საქართველო მზადაა საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობისთვის

„საბავშვო ევროვიზია" კომპლექსური კონკურსია, რომელიც უამრავ დისციპლინას მოიცავს.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველო მზადაა ყოველწლიურ სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზიას" მეორედ უმასპინძლოს, განაცხადა „პირველი არხის" გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან.
საქართველო „საბავშვო ევროვიზია - 2024"-ის გამარჯვებული გახდა. ანდრია ფუტკარაძემ 239 ქულით ქვეყანას მეოთხე გამარჯვება მოუტანა. აღნიშნული შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენი გახდა.
„გარკვეული ვადა იქნება აღებული. ჩვენ ჩვენი დავალება გვექნება, რაც უნდა შევასრულოთ დოკუმენტაციის სახით და შემდეგ დავიწყებთ დეტალებზე საუბარს, სად გაიმართება, როგორი იქნება და ა.შ. მოკლე ვადა დაგვჭირდება, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა მზად არის ევროვიზიის მასპინძლობისთვის", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, „საბავშვო ევროვიზია" კომპლექსური კონკურსია, რომელიც უამრავ დისციპლინას მოიცავს.
„მგონია და ეს ამბიცია გვაქვს, რომ დაუვიწყარ სანახაობას შევთავაზებთ, პირველ რიგში, ქართველ ბავშვებს. გვინდა, რომ ჩავრთოთ სკოლები, ყველა, ვისაც ქართული სიმღერა უყვარს. ვფიქრობ, დაგვჭირდება ყველა ჩვენგანის კონსოლიდაცია“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.
გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია 2023“-ზე, რომელიც ნიცაში ჩატარდა, საქართველო წარადგინა 12 წლის ანასტასია ვასაძემ სიმღერით კომპოზიცია Over The Sky. ანამ მე-14 ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა.