თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩების სერიის მეორე შეხვედრა გენუაში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 17:20 დამარცხდა.
ანგარიში მასპინძლებმა 21-ე წუთზე საჯარიმო დარტმით გახსნეს, რასაც ორ წუთში ქართველი მორაგბეების მიერ სწრაფად გათამაშებული კომბინაცია და ულამაზესი ლელო მოჰყვა – თავი საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვემ, აკაკი ტაბუცაძემ გამოიჩინა და „ბორჯღალოსნების“ რიგებში თავისი მე-40 ლელო მიითვალა, ლუკა მატკავამ კი ზუსტად გარდასახა და საქართველო 7:3 დაწინაურდა.
პირველი ტაიმის დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ლელო მიითვალა, დავით ნინიაშვილის მიერ წამოწყებული სწრაფი შეტევა გუნდის კაპიტანმა, ვასილ ლობჟანიძემ ძელებს შორის დადებული ლელოთი დააგვირგვინა, მატკავამ კი გარდასახვა ზუსტად დაარტყა და „ბორჯღალოსნებმა“ ტაიმი 17:6 მოიგეს.
53-ე წუთზე შეხვედრის არბიტრმა წესების დარღვევისთვის აკაკი ტაბუცაძე 10 წუთით გააძევა მოედნიდან, იტალიას კი საჯარიმო ლელო ჩაუთვალა – 17:13.
იტალიელები რიცხვობრივი უპირატესობის გამოყენებას შეეცადნენ, საქართველოს ნაკრები კი მთელი გუნდით ცდილობდა თავის დაცვას, თუმცა, იტალიელებმა მოახერხეს ლელოს დადება, ზუსტადაც გარდასახეს და 20:17 დაწინაურდნენ.
საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩების ბოლო შეხვედრას 24 ნოემბერს თბილისში ტონგას წინააღმდეგ ჩაატარებს.