რა თანხები დახარჯა ქუთაისის ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე?

თანხების ძირითადი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობას მოხმარდა
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. 2024 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 45,5 მილიონი ლარი დახარჯა, იუწყება მერიის პრესსამსახური.
თანხების ძირითადი ნაწილი გამოიყო საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რეკრეაციული ზონების განვითარებაზე, ასევე კულტურული და სპორტული ობიექტების რემონტზე, შენობების ფასადების შეღებვასა და ა.შ.
ამ ეტაპზე ადგილობრივი ხელისუფლება საფიჩხიის აღდგენითი სამუშაოებს აწარმოებს.
პროექტის მიხედვით, გარემონტდება მთავარი მოედანი, მოეწყობა „მწვანე კუნძული“, გაზონები და ქუჩის განათება. სამუშაოების ღირებულება 555,3 ათასი ლარია.
გარდა ამისა, მიმდინარეობს მე-11 სპორტული სკოლის რეკონსტრუქცია, სადაც კეთილმოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კალათბურთის დარბაზი, მთლიანად გარემონტდება არსებული შენობა და ეზო, მაგიდის ჩოგბურთის მოედნები.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 2,7 მილიონი ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.