თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
16 ნოემბერს საქართველოს საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" ამომრჩეველთა 53,93%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია და ეს რომ სხვანაირად იყოს, ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგებოდა.
„რაც შეეხება პარლამენტის პირველ შეკრებას, როგორც მოგეხსენებათ, ვადები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ფორმალური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. ამ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება. ეს არის, რასაც ადგენს კონსტიტუცია,"- განაცხადა პრემიერმა.
ცესკოს საბოლოო შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში არჩევნების საბოლოო შედეგებით 150-დან 89 მანდატი მიიღო. დარჩენილი 61 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:
„კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19 მანდატი
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16
„ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14
პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. ისინი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად ატარებენ.