რა მდგომარეობაა ზოომაღაზიებსა და ვეტაფთიაქებში - სურსათის სააგენტოს შემოწმების შედეგები

სურსათის სააგენტო პერიოდულად ამოწმებს ვეტერინარულ კლინიკებს, ვეტაფთიაქებს და ზოომაღაზიებს სტანდარტებთან შესაბამისობაზე
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შემოწმდა 190-ზე მეტი ვეტერინარული კლინიკა, საიდანაც დარღვევა მხოლოდ 5 შემთხვევაში გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობისა და ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს; ლაბორატორიული კვლევისთვის ინსპექტორები ნიმუშებს იღებენ.
აღნიშნულ სფეროში გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორისაა არარეგისტრირებული, ვადაგასული პრეპარატის რეალიზაციისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის შემთხვევები.
სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს აფრთხილებს: მნიშვნელოვანია, ვეტერინარული პრეპარატების შეძენის დროს, მომხმარებელი ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტს, დაიცვას გამოყენების წესი და ვადები. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს - 15 01.