პოლიტიკოსებმა ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმა დაგმეს

პარტიის წარმომადგენლებმა კირთაძის ქმედებებს „პოლიტიკური ტერორი“ უწოდეს.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ისტორიაში შავ ლაქად იქცა - ასე აფასებენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრები თავდასხმას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილზე.
პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი, რამაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა დროებით ჩაშალა.
„პერფორმანსი, თუ სისხლის სამართლის დანაშაული, ამას შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი იტყვის, თუმცა საქართველოსთვის „შავი ლაქის“ სტატუსი კი ნამდვილად გაიფორმეს, ოპოზიციის სახელით მოქმედმა ჯგუფებმა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მაკა ბოჭორიშვილმა.
პარტიის სხვა წარმომადგენელმა კი კირთაძის ქმედებას „პოლიტიკური ტერორი“ უწოდა.
„არჩევნებში რაც წააგეს – და ეს გახდა ცნობილი არჩევნების დამთავრებიდან ნახევარი საათის შემდეგ – გადავიდნენ პოლიტიკური ტერორის სხვადასხვა მეთოდზე და ამ პოლიტიკური ტერორის კონკრეტული გამოვლინება იყო, რაც დღეს კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ იკადრა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
უარყოფითად შეაფასა მომხდარი ფაქტი სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც.
ლევან იოსელიანი
„აღნიშნულ ფაქტს მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ. ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ადამიანის წინააღმდეგ. ეს მორალურადაც გაუმართლებელია. ჩემი აზრით, ადამიანს, რომელიც ასრულებს თავის საქმიანობას, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, შეასრულოს ის კანონის ფარგლებში თანმიმდევრულად. ასეთი დამოკიდებულება, ასეთი დესტრუქცია ამ ყველაფერს უშლის ხელს“, – განაცხადა იოსელიანმა.
გიორგი კალანდარიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.
ინციდენტი 16 ნოემბერს, ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე მოხდა. კირთაძემ კალანდარიშვილს შეასხა შავი სითხე (მედიის ინფორმაციით, ეს იყო შავი საღებავი ან მელანი), ცესკოს თავმჯდომარეს თვალის შესამჩნევი დაზიანება ჰქონდა, რის გამო მან ბრიფინგის ჩატარება ვერ შეძლო.