ისტორიული არჩევნები საქართველოში შედგა - ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე

ცესკო არ დაელოდა ბოლო ვადას და არჩევნების შედეგები ვადაზე ადრე, 16 ნოემბერს შეაჯამა
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ისტორიული არჩევნები შედგა და ყველა შეფასებითა და მონაცემებით, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდა, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეჯამებისას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა, მათში მონაწილეობა 18-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ და პარტიამ მიიღო.
„მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ისტორიული არჩევნები, რომელზეც ამომრჩევლის 90% სარგებლობდა ტექნოლოგიების გამოყენებით და კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, შედგა და ყველა წინასწარი დასკვნით თუ მონაცემებით, ტექნოლოგიური არჩევნების მართვა განხორციელდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. შესაბამისად, საქართველოში საარჩევნო ტექნოლოგიები დამკვიდრდა“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.
მისი თქმით, ცესკო არ დაელოდა უკიდურეს ვადას და შედეგების შეჯამება 16 ნოემბერს იმიტომ გადაწყვიტა, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ სადაო საკითხებზე ყველა კანონიერი პროცედურა დასრულდა.
„გუშინ, საბოლოო ინსტანციის სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. უკიდურესი ვადა 21 ნოემბერი არ არის დათქმული და ბეჭედდასმული ვადა, ეს არის უკიდურესი ვადა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რა თქმა უნდა შეუძლია, თუ ყველა პროცედურა ამოწურულია შემაჯამებელი ოქმი შეადგინოს... რატომ უნდა გაწელოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ხელოვნურად ვადა, როცა ყველა იურიდიული საფეხური გავლილია და დასრულებული?“ - აღნიშნა შარაბიძემ.
ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები:
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 3.508.294 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 2.111.834 მივიდა. 34.974 საარჩევნო ბიულეტენი ბათილად ცნეს.
შემაჯამებელი მონაცემების თანახმად, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ხმათა შემდეგი რაოდენობა მიიღეს:
„საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტია“ – 3.893 (0,19%)
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ("ახალი", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "დროა") – 229.161 (11,03%)
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო") – 211.216 (10,17%)
"ევროპელი დემოკრატები" – 7.955 (0,38%)
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 50.599 (2,44%)
"ძლიერი საქართველო" ("ლელო საქართველოსთვის", "ხალხისთვის", "თავისუფლების მოედანი", "მოქალაქეები") - 182.922 (8,81%)
"საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 15.103 (0,73%)
"ჩვენი გაერთიანებული საქართველო" – 1.845 (0,09%)
"შეცვალე საქართველო" – 12.528 (0,6%)
"საქართველო" – 2.780 (0,13%)
"თავისუფალი საქართველო" – 4.145 (0,2%)
"ტრიბუნა" – 2.483 (0,12%)
"ჩვენ" - 2.593 (0,12%)
"გახარია საქართველოსთვის" – 161.521 (7,78%)
"მემარცხენე ალიანსი" – 1.260 (0,06%)
"ქართველთ ერთობა" – 4.500 (0,22%)
"გირჩი" – 62.223 (3%)
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" – 1.120.053 (53,93%).
აქედან გამომდინარე, პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 89 ადგილი აქვს „ქართულ ოცნებას“, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19 მანდატი, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღისა უნდა დანიშნოს. მანამდე მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც შედგება.
ოპოზიციის პროტესტი
ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. ისინი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა.
პირველი, რაც ოპოზიციონერებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, არის ის, რომ კენჭისყრის დროს ფარული კენჭისყრის პრინციპი მასიურად დაირღვა, მეორეც, ვერიფიკაციის აპარატებით მაქინაციების გამოყენებით „კარუსელები“ მოხდა.
პირველ ბრალდებას ის არგუმენტი ამყარებდა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა ფარული კენჭისყრის პრინციპის დაცვას.
ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა სარჩელები ფარული კენჭისყრის დარღვევის მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების შედეგების გაუქმების მოთხოვნით, პარასკევს გაიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
რაც შეეხება „კარუსელებს“, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები დუბლირებული იყო და ცალკეული ამომრჩევლები ხმას სხვისი დოკუმენტებით აძლევდნენ.
ოპოზიცია ითხოვდა ამომრჩეველთა კენჭისყრის მონაცემების გასაჯაროებას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის ჩატარება, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს.
ამ დროისთვის ვერიფიკაციის აპარატები დალუქულია პროკურატურის მიერ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს იძიებს.
ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა დაადასტურა ცესკოს სერვერებზე და უბნებზე გამოყენებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე განთავსებული სიების შესაბამისობა და ასევე გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.