ხელისუფლება დაიცავს საქართველოს ჭარბი ჩარევისგან - პრემიერი

სამართლიანი ურთიერთობა შეუძლებელია დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის პრინციპების დაცვის გარეშე, აღნიშნა პრემიერმა
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. პარტნიორებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ხელისუფლება კი ღირსეულად დაიცავს თავის პოზიციებს და გააგრძელებს ქვეყნის დაცვას შიდა საქმეებში გადამეტებული ჩარევის მცდელობისგან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. კრიტიკა გაძლიერდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს პარლამენტში შესულმა სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ და ერთმა პარტიამ, მათმა მხარდამჭერმა არსამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათ არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ განაცხადეს.
„ჩვენი საარჩევნო სლოგანი იყო მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ. აქ ღირსება იყო ერთ-ერთი საკვანძო სიტყვა. თუ ღირსებით არ აწარმოებ შენს პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ვერ დაიცავ სათანადოდ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველგან ვაჩვენოთ ჩვენი პრინციპები, სადაც ვიღაც ცდილობს, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში, იქ ჩვენ ღირსეულად უნდა დავიცვათ საკუთარი პოზიციები.
„ხშირად ცდილობენ უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები, რომ უხეშად ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში და გადაგვიწყვიტონ, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, მათ შორის ძალიან ხშირად გვთხოვენ ისეთ რამეს, რაც პირდაპირ ნიშნავს ქვეყნისთვის უმძიმესი პრობლემების მოტანას საკუთარი ხელით“, - განაცხადა პრემიერმა.
ამის მაგალითად პრემიერმა მოიყვანა სანქციების დაწესების მოთხოვნა, რაც, კობახიძის თქმით, ნიშნავდა პირველივე წელს ქვეყნის ეკონომიკის სულ მცირე 10 პროცენტით შემცირებას.
„ქვეყნისთვის, ხალხისთვის, საზოგადოებისთვის ეს იქნება ძალიან დიდი კატასტროფა. ასეთი ჩარევები არის მიუღებელი. ჩვენ მომავალშიც თავს დავიცავთ ნებისმიერი ჭარბი ჩარევის მცდელობებისგან“, - განაცხადა კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ერთია პარტნიორობა, მეგობრობა, მაგრამ მეორეა ის, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, აღნიშნა პრემიერმა.

„ამ პრინციპების დაცვის გარეშე ვერავითარი სამართლიანი ურთიერთობები ვერ შედგება. ასეთი დამოკიდებულება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, შესაბამისად, სუვერენიტეტის დაცვაზე გადის ეროვნული ინტერესების დაცვის ხაზი და ამ პოლიტიკას გავატარებთ ჩვენ მომავალშიც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე საქართველოს ხელისუფლება ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების კრიტიკის სამიზნე გახდა. თავდაპირველად მიზეზი უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნაზე უარის თქმა იყო. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას.
მოგვიანებით, ქართველმა ოპოზიციონერებმა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შემდეგ კი დასავლელმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ დაადანაშაულეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებისთვის. თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა.