თაღლითობა აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ვიზებთან დაკავშირებით: დაკავებულია ერთი პირი

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6 დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქალმა სოციალურ ქსელში შექმნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში თითქოსდა დაგეგმილ სასწავლო პროგრამაში წამსვლელთა ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებულ 26 ფიზიკურ პირს ატყუებდა, რომ კონკრეტული თანხის გადახდის შემთხვევაში ისინი ჩაერთვებოდნენ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში და მათზე გაიცემოდა აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს ვიზები.
ბრალდებული ამგვარად 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის აგვისტომდე პერიოდში, 26 ფიზიკური პირის კუთვნილ თანხას, ჯამში 36.000 ლარის ოდენობით დაეუფლა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც თაღლითობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.