თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. 2024 წლის 1 დეკემბრიდან იუსტიციის სახლებში დაიწყება ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ასევე, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვების მოპოვების მიზნით შესაბამისი განცხადებების მიღება, შესაბამისი ნებართვებიც იუსტიციის სახლებში გაიცემა.
სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა“ და სსიპ „იუსტიციის სახლს“ შორის მომხმარებლისათვის სააგენტოს სერვისების მიწოდების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორმა, ლევან გამყრელიძემ და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარემ, ლაშა ლობჟანიძემ მოაწერეს.
ხსენებული ნებართვები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაიცემა 3 წლის ვადით და მათი მიზანია ხელი შეეწყოს მგზავრთა გადაყვანისა და მომსახურების პირობების გაუმჯობესებას, საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებას, საავტომობილო სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოსა და ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის შექმნას, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის პროცესის განვითარებას.
დღემდე ნებართვების მიღება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში იყო შესაძლებელი.
სერვისებზე ხელმისაწვდომობა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი, რაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს ქვეყნის მასშტაბით მიიღონ ზემოაღნიშნული მომსახურება.
საქართველოს სატრანზიტო როლის განვითარება მთავრობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობის ფონზე, რომელიც ჩინეთს და ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოს გავლით აკავშირებს.
„შუა დერეფნის" როლი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
2023 წელს „შუა დერეფნის“ გავლით გადაზიდულია 2,7 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2022 წელთან შედარებით 86%-ით მეტია. ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.
„შუა დერეფანი“ გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.