თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. პროკურატურამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები დალუქა - ამ აპარატებში შენახული მონაცემების გამოქვეყნებას 29 ოქტომბრიდან ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ითხოვს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ამტკიცებს, რომ ვერიფიკაციის აპარატები შეიცავს „კარუსელების“ მეშვეობით არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს. მანამდე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა ყველა ამომრჩევლის მონაცემთა ბაზის ნეიტრალური პლატფორმისთვის გადაცემაზე, უარი კი პერსონალური მონაცემების დაცვის საჭიროებით განმარტა.
„გამოძიების ფარგლებში, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა, შემდგომში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა ვერიფიკაციის აპარატებში დაცული ინფორმაციის გამოთხოვებას სასამართლოს განჩინების საფუძველზე აპირებს.
„ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ კი დაგეგმილია კომპიუტერული/ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ამომრჩევლის დუბლირებას, ასევე, ხომ არ ფიქსირდება საზღვარგარეთ მყოფი პირების ნაცვლად საქართველოში ხმის მიცემის შემთხვევები“, - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურა აპირებს ვერიფიკაციის აპარატებიდან ინფორმაციის გამოთხოვას და კომპანია Smartmatic-ის ჩართულობით შემდგომი საექსპერტო კვლევების ჩატარებას, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს არსებული ინფორმაციის შენახვა და დაცულობა.
ვერიფიკაციის აპარატები მუშაობს კომპლექსური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რაც ტექნოლოგიურად და პროგრამულად უზრუნველყო ამერიკაში ლიცენზირებულმა კომპანია „სმარტმატიკმა“.
როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ყველა იმ პირის საგამოძიებო ორგანოსა თუ სასამართლოში დაკითხვა, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს რაიმე სახის ინფორმაციას არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით, მათ შორის გამოიკითხნენ ცესკოს თანამშრომლები.
„უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საჯარო წყაროებში გავრცელებული, არჩევნებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით დაინიშნა სათანადო ექსპერტიზები, განხორციელდა დოკუმენტების და ინფორმაციის გამოთხოვა და სხვა.“, - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურაში ასევე აღნიშნეს, რომ საქმეზე ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.
„აქვე გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისაგან, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მიზნად ისახავს მხოლოდ პროკურატურის და მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება, რომელსაც არ ენდობა ოპოზიცია
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა.
საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ცესკომ პროკურატურაში მიმართვა ახსნა იმით, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პოლიტიკოსების და სხვა დაინტერესებული პირების განცხადებებმა არჩევნების გაყალბების შესახებ მასშტაბური ხასიათი მიიღო.
ცესკოს შედეგების აღიარებაზე, რომლის თანახმად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო, უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათი მტკიცებით, მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ტოტალური გაყალბება მოხდა იმ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებსაც სიზუსტის და ოპერატიულობა უნდა უზრუნველეყოთ. ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატები უბნების ორ მესამედზე იყო გამოყენებული.
ბრალდების პირველი ხაზი ვერიფიკაციის აპარატებს ეხება.
პარტია „საქართველოსთვის“ ამტკიცებს, რომ მაქინაციები მოხდა ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით, რომლებშიც ამომრჩეველთა სიებია შეყვანილი. პარტიის ლიდერთა მტკიცებით, ამის შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ ცესკოს სერვერებსა და ამ აპარატებში არსებული მონაცემების შედარებით.
პარტიამ „საქართველოსთვის“ 29 ოქტომბერს მიმართა ცესკოს ნეიტრალური პლატფორმისთვის კენჭისყრაში მონაწილე ყველა (2 მილიონი) ამომრჩევლის მონაცემთა ბაზის გადაცემაზე, რათა ყველამ შეძლოს გადამოწმება, არის თუ არა ის სიაში და თუ არის, რომელ უბანზე და რომელ საათზე მისცა ხმა.
ცესკოს უარის შემდეგ, 1 ნოემბერს პარტიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა - ამ მონაცემების სასწრაფო დაცვის მოთხოვნით. 8 ნოემბერს სასამართლომ დაუშვებლად ცნო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სარჩელი იმ მოტივით, რომ ვერიფიკაციის აპარატები, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის მიერ დაყადაღებულია.
გახარიას გუნდმა განაცხადა, რომ ცესკო, სასამართლო და პროკურატურა შეთანხმებულად მოქმედებენ, რადგან მმართველი პარტიის კონტროლ ქვეშ არიან. „შავი ყუთი“ დაყადაღებული იქნება იმდენ ხანს, რამდენიც ეს მმართველ პარტიას დასჭირდება, განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ.
ბრალდების მეორე ხაზი კენჭისყრის ფარულობის პრინციპს ეხება.
ეს თემა არჩევნების შემდეგ მეხუთე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ წამოწია და საარჩევნო უბნების ორ მესამედზე კენჭისყრის შედეგების გაუქმება მოითხოვა, რადგან ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომლითაც აფერადებდა ამომრჩეველი სასურველი პარტიის წინ არსებულ წრეს.
საია შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას ჯერ ცალკეულ უბნებზე ითხოვდა. პირველი ინსტანციის სასამართლოების უმრავლესობამ (23-დან 22-მა), მოგვიანებით კი ყველა სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული სქელყდიანი ჩარჩო-კონვერტი უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას. არჩევანის გაკეთების შემდეგ ბიულეტენი ამობრუნებული სახით უნდა მოთავსებულიყო კონვერტში და შემდეგ ხმის დამთვლელ აპარატში.
მოგვიანებით საიამ და ოპოზიციურმა გაერთიანებებმა - „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ძლიერმა საქართველომ“ - ცესკოში შეიტანეს საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების გაუქმების მოთხოვნით. უარის შემდეგ მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.
ახლა საია ორ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს 21 ნოემბრამდე მოამზადებს. წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 150-დან 89 ადგილი მიიღო.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") მიიღო 18 მანდატი, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 17, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" კი 12.