საქართველოში საყოველთაო აღწერა დაიწყო - დეტალები

აღწერაში მონაწილეობაზე უარის თქმა არ შეიძლება, ყველა ადამიანმა საკუთარ თავზე სარწმუნო მონაცემები უნდა წარმოადგინოს
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო საყოველთაო აღწერა, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება, საქართველოში 14 ნოემბერს დაიწყო და 19 დეკემბრამდე გაგრძელდება, იტყობინება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
საქართველოსთვის ეს იქნება მოსახლეობის მესამე საყოველთაო აღწერა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მანამდე აღწერა 2002 და 2014 წლებში ჩატარდა.
აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება: სპეციალურ ვებგვერდზე და პირდაპირი ინტერვიუს გზით მოსახლეობის საცხოვრებელ მისამართებზე. აღწერაში მონაწილეობა სავალდებულოა და ის რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.
„აღწერას ექვემდებარება საქართველოში მუდმივად მცხოვრები ყველა საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში მათი ყოფნის ხანგრძლივობისა“, - განაცხადა „საქსტატის“ დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
აღწერაში მონაწილეობაზე უარის თქმა არ შეიძლება, ყველა ადამიანმა საკუთარ თავზე სარწმუნო მონაცემები უნდა წარმოადგინოს.
აღწერაში მონაწილეობაზე უარის თქმა შეუძლია მხოლოდ დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე უცხოელებს ან უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს.
14-დან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე და იქ არსებული კითხვარის შევსება. კითხვარის შევსება შესაძლებელია როგორც მობილური ტელეფონიდან, ისე კომპიუტერიდან და პლანშეტიდან.
მეორე ეტაპზე, რომელიც 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მონაცემებს ინტერვიუერები „კარდაკარის“ პრინციპით შეაგროვებენ. მთლიანობაში, ქვეყნის მოსახლეობას 12 ათასი პირი აღრიცხავს. ვინც ელექტრონულ აღწერაში მიიღებს მონაწილეობას, სპეციალური კოდის წარდგენა შეუძლია, რაც მისცემს შესაძლებლობას, ინტერვიუში მონაწილეობა არ მიიღოს.
კითხვარი მოიცავს: სახელი და გვარი, მისამართი, ასაკი, სქესი, ოჯახის წევრები, მოქალაქეობა და ეროვნება, აღმსარებლობა, განათლება, ენების ცოდნა, ქორწინება და შვილების ყოლა, შიდა მიგრაცია, იმიგრაცია, დასაქმება და ეკონომიკური აქტივობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გარდა ამისა, კითხვარი მოიცავს ინფორმაციას ოჯახის შესახებ, მათ შორის მის შემადგენლობას, საცხოვრებელ ადგილს, სახლის აშენების წელს, ფართობსა და ოთახების რაოდენობას, ბინის ან სახლის კეთილმოწყობას - ელექტროენერგიის, გაზის, წყლის ხელმისაწვდომობას, ქონების საკუთრების ფორმას.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის გარდა, სასოფლო-სამეურნეო აღწერაც გაიმართება. კითხვებს შორისაა მიწის ფართობი და მისი საკუთრების და გამოყენების ფორმა, სახნავი მიწის სტრუქტურა, მრავალწლიანი ნარგავების რაოდენობა, ვაზის სახეობები და ბუჩქების რაოდენობა, პირუტყვის და ფრინველების სულადობა და ფუტკრის სკების რაოდენობა.
„აღწერის ყველა მონაცემი მკაცრად კონფიდენციალურია და გასაჯაროდება მხოლოდ აგრეგირებულ მდგომარეობაში“, - განაცხადა თოდრაძემ.
მისი თქმით, აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში გახდება ცნობილი, საბოლოო შედეგები კი - 2026 წლის ივნისში.