თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან ორ თვეში უკანონო ნადირობის 400 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნა და 2025 წლის 1-ელ მარტს დასრულდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 96 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 91 სამართალდარღვევაა გამოვლენილი იმერეთში, 58 - შიდა ქართლში, 46 - მცხეთა-მთიანეთში, 37 - ქვემო ქართლში, 35 - გურიაში, 12 - კახეთში, ასევე 12 - სამცხე-ჯავახეთში, 7 - აჭარაში, 2 კი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 382 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 18 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 27 ერთეული მწყერი.
ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვეში ამოღებულია 381 ერთეული ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ნადირობა აკრძალულია სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფო), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღიდან და სანადირო პნევმატური იარაღიდან.
ამასთან, ნადირობა აკრძალულია საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიანდაეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიანზონებში, ასევე ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე.
ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.
ნადირობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა, დარღვევიდან გამომდინარე, 100 ლარიდან 2 ათას ლარამდე შეადგენს.
საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. საქართველოს გავლით წელიწადში მილიონზე მეტი ფრინველი მოძრაობს.