თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის, 25 წლის მამუკა ლომიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს სასამართლომ 15 წლით და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 18 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის შელაპარაკება მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდებული თავის მეგობარს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.
იმავე ღამეს, ბრალდებულები ავტომობილით, უკანონოდ შეძენილი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაინახეს დაზარალებული, რომელიც მეგობართან ერთად ქუჩაში იმყოფებოდა. მძღოლმა ავტომობილი გააჩერა, მის გვერდით მჯდომი ბრალდებული კი ავტომანქანიდან გადავიდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ერთი ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს, ხოლო მეორე ბრალდებული მიიმალა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი ბრალდებული დამნაშავედ ცნო 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება) და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ძებნილი ბრალდებული დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ 25,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობაში დახმარება) და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.