თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ჯამურად 161,3 კმ სიგრძის ახალი საფეხმავლო ბილიკი მონიშნა, უკვე მონიშნული ბილიკების 24 კმ-იანი მონაკვეთი კი ინფრასტრუქტურულად განაახლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული ღონისძიების მიზანი სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაა.
საფეხმავლო გზა გაკეთდა თუშეთის, თრუსოსასა და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე, მოეწყო თიანეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი ბილიკი, ბოჭორმის ციხის, გუდაურისა და ქვეშეთის დამაკავშირებელი ბილიკი, არშის ჩანჩქერებისა და ციხის, ასევე კარკუჩა-ბურსაჭირის ბილიკი.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნული ბილიკები მოგზაურებს საშუალებას აძლევს გზის აუცდენლად დალაშქრონ მარტივი და საშუალო სირთულის სხვადასხვა მარშრუტები და მოინახულონ მთები, ტბები, ხეობები, ჩანჩქერები და ისტორიული ძეგლები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაციის ცნობით, ასევე განახლდა კაცხის სვეტის პანორამული გადასახედის ბილიკი და ადგილზე დაემატა წრიული 360-გრადუსიანი ბილიკი, ასევე ინწრას ჩანჩქერების, მღვიმისა და ჩოლიანი-კლდეკარი-რკონის საფეხმავლო ბილიკები.
უწყების ინფორმაციით, ბილიკების მოწყობა ხელს უწყობს აქტიური თავგადასავლების სტიმულირებას საქართველოში, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს აძლევს უსაფრთხო და ორგანიზებული მოგზაურობის შესაძლებლობას.