თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ისტორიულ ნაწილში, მეტეხის ხიდზე, სამღვდელოებამ და მრევლმა 100 ათასი მოწამის ხსენების დღე აღნიშნეს.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 13 ნოემბერს აღნიშნავს 100 ათასი მოწამის დღეს, რომლებიც თბილისში 1227 წელს ხვარაზმელებმა დახოცეს.
წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. უარის მიღების შემდეგ ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.
„წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებით წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს მათ მაგალითს, რომ მათი ღვაწლით შთაგონებულებმა ჩვენც ბოლომდე ვუერთგულოთ ჩვენს მაცხოვარს და მის მიერ დაარსებულ ეკლესიას, - განაცხადა ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
ტაძრიდან მეტეხის ხიდზე იესო ქრისტეს ხატი და ჯვარი გამოიტანეს, აღავლინეს ლოცვა და შეასრულეს საეკლესიო საგალობლები.