კალაძე: სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

პროექტის ფარგლებში იგეგმება სპორტის სასახლის გარშემო სარეკრეაციო და ღია სივრცეების ისტორიული ფუნქციის აღდგენაც.
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. თბილისის სპორტის სასახლე, რომელიც დიდ სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებსა და კონცერტებს მასპინძლობს, გარემონტდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
სპორტის სასახლის შენობა მუნიციპალური საწარმოს საკუთრებაა, რომელიც 2007 წლის ხელშეკრულების საფუძველზე მართვის უფლებით გადაეცა კომპანია „ლოჯიკ გრუპს“.
„სპორტის სასახლის ახლანდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, მას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ხარვეზები. შესაბამისად, საჭიროებს განახლება-რეაბილიტაციას. აღნიშნული ხელშეკრულების პირობები ვეღარ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. ჩვენ ვიმუშავეთ კომპანიასთან და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, მმართველი კომპანია განახორციელებს საინვესტიციო პროექტს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება სპორტის სასახლის სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება.
რეაბილიტაციის ფარგლებში, მოწესრიგდება ყველა ძირითადი სივრცე, რაც გულისხმობს იატაკის საფარის, სავარძლების, კედლების, ვიზიტორების საცირკულაციო სივრცეების, გასახდელების, VIP-შემოსასვლელის, ავეჯისა და სხვა სივრცეების მოწესრიგებას.
შენობა ასევე აღიჭურვება მრავალფუნქციური დანიშნულებისთვის საჭირო მოწყობილობებითა და სისტემებით, რაც მოიცავს განათების, ხმის, ვიდეო, ეკრანის, სცენის, რიგირების, ტრანსლაციის, გამყოფ, სპეციალური ეფექტებისა და სხვა ტიპის სისტემებსა და მოწყობილობებს.
პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება სპორტის სასახლის გარშემო სარეკრეაციო და ღია სივრცეების ისტორიული ფუნქციის აღდგენა, მოეწყობა მეტროს სადგურ „პოლიტექნიკურის" ჩასასვლელი კიბეები.
ამასთან, იგეგმება პადელის ღია კორტების მოწყობა, მოწესრიგდება საპარკინგე ზონა და დარეგულირდება სატრანსპორტო გეგმა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სპორტის სასახლის სტუმრებისთვის.
განხორციელებული სამუშაოები შესაძლებლობას მისცემს ობიექტს, უმასპინძლოს როგორც სპორტულ, ასევე სხვა კულტურულ თუ სოციალურ ღონისძიებებს და ჰქონდეს მრავალფუნქციური დატვირთვა, განაცხადა კალაძემ.
„ეს პროექტი სპორტის სასახლეს შესძენს ახალ სიცოცხლეს და მოსახლეობისთვის ქალაქის ცენტრალურ, მჭიდროდ დასახლებულ უბანში ხელმისაწვდომი გახდება უნიკალური სარეკრეაციო და სპორტული სივრცე. ვფიქრობ, ჩვენი ქალაქისთვის ამ სივრცის მოწესრიგება ერთობ მნიშვნელოვანია“", - აღნიშნა კალაძემ.
გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის მშენებლობა 1957 წელს დაიწყო და საზეიმოდ 1961 წელს გაიხსნა. მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ არქიტექტორები ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, იური კასრაძე, თემო ჯაფარიძე და კონსტრუქტორი დავით ქაჯაია.
შენობა შეტანილია ინდივიდუალურ კონსტრუქციათა საერთაშორისო კატალოგში - სპორტის სასახლე აქტიურად მასპინძლობს საკალათბურთო, სახელბურთო, საჩოგბურთო, ძიუდოსა და კრივის შეხვედრებს.