თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულებს, რომელთა ასაკი 23-დან 46 წლამდეა, საგამოძიებო უწყება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთას ედავება.
უწყების ცნობით, ბრალდებულები ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მაწიმის“ დასაცავ მონაკვეთებზე არსებულმა ფოტომახემ დააფიქსირა. მათ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს. დანაშაული 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.