როდის გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები? პრემიერის განმარტება

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული.
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, სავარაუდოდ, 2025 წლის იანვრის დასაწყისში ჩატარდება, რის შემდეგაც სახელმწიფო მეთაურის ინაუგურაცია გაიმართება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, რადიკალურ ოპოზიციას შეუერთდა. პრეზიდენტი და საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მმართველი პარტიის გამარჯვების აღიარებაზე და აცხადებენ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
„ყველაფერი არის მშვიდად, წყნარად. შეჯამდება არჩევნების შედეგები. აქედან მეათე დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა და ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება. ამის შემდეგ მალევე, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გაიმართება პრეზიდენტის არჩევნებში, რომლის შედეგაც შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია", - განაცხადა კობახიძემ.
ქვეყანა მშვიდ გარემოში აგრძელებს ცხოვრებას, ბევრი პროექტის განხორციელება გრძელდება, აღნიშნა პრემიერმა.
„ვიწყებთ ჩვენი 4-წლიანი პროგრამის შესრულებას. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ 4 წლის თავზე შესაბამის ანგარიშს ჩავაბარებთ ქართულ საზოგადოებას. ჩვეულებრივად, მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ცდილობს ახლა ოპოზიცია“, - განაცხადა პრემიერმა.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული.
შემდეგ პრეზიდენტს აირჩევენ არა საქართველოს მოქალაქეები, როგორც ადრე, არამედ საარჩვენო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. გარდა ამისა, საპრეზიდენტო ვადა ხუთიდან ექვს წლამდე გაიზრდება.
ოქტომბრის დასაწყისში მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა განაახლა და იმპიჩმენტის მოთხოვნით ხელახალი კონსტიტუციური წარდგინება მოამზადა - 81 დეპუტატის ხელმოწერები საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე გადაიგზავნა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პრეზიდენტის უცხოეთში კვლავ უნებართვო ვიზიტები გახდა.
როგორც „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, იმპიჩმენტს აქვს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა, გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა ნოემბერში გადის.
საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პირველი საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 2023 წლის სექტემბერში შევიდა.
წინა ჯერზე იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ინიციატორებს - საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა" წარმოადგენს - პარლამენტში საკმარისი ხმები არ ჰქონდათ. ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.