ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი იზრდება - მონაცემები განახლდა

გასული წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადის, ისე ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხით.
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაერთიანების ცნობით, მიმდინარე წლის ათ თვეში აეროპორტი 1,4 მლნ მგზავრს მოემსახურა.
მგზავრთნაკადის გარდა, გაიზარდა ავიარეისების რაოდენობაც. საანგარიშო პერიოდში აეროპორტში რეისები გასული წლის პერიოდთან შედარებით 4%-ით გაიზარდა და 4.242 რეისს მოემსახურა.
გაერთიანების ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერში აეროპორტი 162,3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 1,2%-ით ნაკლებია გასული წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.
გასული წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადის, ისე ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხით.
2023 წელს აეროპორტი თითქმის 1,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 103%-ით მეტია. ისტორიულ მაჩვენებელს მიაღწია ავიარეისების რაოდენობამაც - აეროპორტი 5.040 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წელთან შედარებით 57 %-ით მეტია.
ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.