კობახიძე: კლიმატის ცვლილება აზიანებს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას

გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია ბაქოში 11-დან 22 ნოემბრის პერიოდში იმართება.
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. კლიმატის ცვლილება სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით დაუცველი სახელმწიფოებისა და ადგილობრივი თემების საარსებო წყაროს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP29 ლიდერთა სამიტზე.
გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია ბაქოში 11-დან 22 ნოემბრის პერიოდში იმართება. პრემიერი ღონისძიებაში მონაწილეობას 11-13 ნოემბერს მიიღებს.
„კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედება, მათ შორის მყინვარების სწრაფი დნობა და ზღვის დონის აწევა, სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით დაუცველ ქვეყნებსა და ადგილობრივ თემებს კლიმატის ცვლილება“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, კონფერენცია კრიტიკულ მომენტში იმართება, რადგან კლიმატის ცვლილება ხდება ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევა, რომელიც მოითხოვს გადაუდებელ გლობალურ მოქმედებას და თანამშრომლობას მისი მრავალმხრივი შედეგების მოსაგვარებლად.
ირაკლი კობახიძე გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე
„სამწუხაროდ, ამ მიმართულებით შეიარაღებული კონფლიქტები არა მხოლოდ იწვევს სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისს, არამედ აფერხებს და ანელებს გლობალურ ძალისხმევას კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად,” - განაცხადა მან.
ამ გადაუდებელ გამოწვევებზე საპასუხოდ, კობახიძეს მიაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცედ დარჩეს ვალდებულება, განახევრდეს გლობალური სათბურის გაზების ემისიები 2030 წლისთვის.
ირაკლი კობახიძე გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე
„ამ მიზნის მიღწევა აუცილებელია, თუ გვინდა, რომ გლობალური დათბობა 1,5 გრადუსამდე შევიზღუდოთ, როგორც ეს განსაზღვრულია პარიზის შეთანხმებით“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მზადაა 2025 წლისთვის წარადგინოს ახალი - მესამე თაობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შენარჩუნებას 1,5 ზღვრული გრადუსის ფარგლებში და ხედვის განხორციელების ხელშეწყობას, რომლის თანახმად ევროპა იქნება პირველი კონტინენტი, რომელიც ნულოვან ემისიას მიაღწევს.
„ამ პროცესში საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან, რაც მთელი საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა წუხილი გამოთქვა იამსთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა ვერ განახორციელებს ზომებს, რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედების შესამცირებლად და მისი შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
გარდა ამისა, თავის გამოსვლაში კობახიძემ აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების ზომების დაფინანსება ახალი კოლექტიური ინიციატივის ფარგლებში განსაზღვრავს, ჩაითვლება თუ არა აღნიშნული კონფერენცია წარმატებულად.
ირაკლი კობახიძე გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე
მისი თქმით, ახალი მიზანი უნდა იყოს ამჟამინდელი 100 მილიარდი დოლარის ნიშნულის მნიშვნელოვანი ზრდა და გლობალური ფინანსური ნაკადების უზრუნველყოფა პარიზის შეთანხმების მიზნებთან თანხვედრის მიზნით.
როგორც პრემიერმა განაცხადა, წინა კონფერენციაზე აღიარებულ იქნა, რომ განვითარებად ქვეყნებს მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე დაახლოებით 6 ტრილიონი დოლარი დასჭირდებათ კლიმატის ცვლილების ეფექტური დაძლევის მიზნით.
„წლევანდელი კონფერენციის შედეგად განვითარებადი ქვეყნების წვდომაც უნდა გაუმჯობესდეს კლიმატის ცვლილების გამკლავების ზომების დაფინანსებაზე და შეიქმნას აუცილებელი უნარები, რათა ამ ქვეყნებმა გაზრდილი დაფინანსების ეფექტური გამოყენება შეძლონ“, - განაცხადა კობახიძემ.