პრემიერ-მინისტრი FIFA-ს პრეზიდენტს შეხვდა

ჯანი ინფანტინომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქარი, FIFA-ს მაისური გადასცა.
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს შეხვდა.
FIFA-ს პრეზიდენტი საქართველოს სპეციალური ვიზიტით 13 ნოემბერს ეწვია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფეხბურთის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
„საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს, მათ შორის, დაგეგმილი ახალი, საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობის საკითხს, რომელიც 70 ათას გულშემატკივარზე იქნება გათვლილი", - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ საქართველოს განაცხადზე.
ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქარი, FIFA-ს მაისური გადასცა.
ჯანი ინფანტინომ, რომელიც საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, ის ობიექტები მოინახულა, რომლებიც FIFA-ს დაფინანსებით შენდება. მათ შორისაა „ავაზას” ყოფილ ტერიტორიაზე ფეხბურთის ცენტრის მშენებლობა.
აღნიშნული პროექტი პროგრამა FIFA Forward-ის, უეფას პროგრამა Hat Trick-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება. მშენებლობის დასრულება 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება.