რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - ახალი სტატისტიკა

ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა 2024 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ 675,9 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 2023 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 14,1%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
თითოეული მოგზაური საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 1,1 ათას ლარს ხარჯავდა - 22,5%-ით მეტს, ვიდრე 2023 წლის ივლის-სექტემბერში. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და განთავსებაზე.
საქართველოს მოქალაქეებმა 2024 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ 758,9 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებზე 7,4%-ით მეტია.
გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (46,4%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.
ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობა შედგენს 402,1 ათასს, რაც 1,1%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 37,7%, რუსეთში – 18,9%, სომხეთში – 12%, აზერბაიჯანში (1,7%) და ევროკავშირის ქვეყნებში – 15,1%.
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ 2024 წლის მესამე კვარტალში საშუალოდ 7,9 ღამე შეადგინა, რაც 9,3%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს უცხოელები საქართველოს ეწვივნენ 7,1 მილიონჯერ, რაც 30,3%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო - 1,2 მილიონი, რაც მთლიანი ვიზიტორების 23,2%-ია.
2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალი 26,2%-ით აღემატება 2019 წლის რეკორდულ დონეს.