თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დავით ბოჭორიშვილი დაიბარეს. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
7 ნოემბერს კობახიძემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დარღვევებზე საუბრისას განაცხადა, რომ „თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვაში”.
„მოლდოვურმა მხარემ ღრმა უკმაყოფილება გამოხატა დამახინჯებული და არასათანადო მანერის გამო, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემთავის საჯარო გამოსვლაში ეხება მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესის თემას”, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია მოლდოვასა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა და ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო მიზნები.
პირველი, ვინც საქართველოსა და მოლდოვას, ასევე პოლონეთის, ბულგარეთისა და ლიეტუვის არჩევნებს შორის პარალელი გაავლო, იყო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, როდესაც იგი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბრალდებას გამოეხმაურა.
აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კენჭისყრის ფარულობის პრინციპი დაირღვა საქართველოს 2263-ვე უბანზე (სულ 2/3), სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. საიაში ამის არგუმენტად დაასახელეს ის, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი.
პირველი ინსტანციის სასამართლოების უმრავლესობამ (23-დან 22-მა), მოგვიანებით კი ყველა სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული სქელყდიანი ჩარჩო-კონვერტი უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას. არჩევანის გაკეთების შემდეგ ბიულეტენი ამობრუნებული სახით უნდა მოთავსებულიყო კონვერტში და შემდეგ ხმის დამთვლელ აპარატში.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, თუ საქართველოს საიას ლოგიკას მივყვებით, არჩევნები პოლონეთში, ბულგარეთში, ლიეტუვასა და მოლდოვაში უნდა გაუქმდეს. ამ ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებზე ბიულეტენები კონვერტების გარეშე თავსდებოდა ნახევრად გამჭვირვალე ან გამჭვირვალე საარჩევნო ურნებში და შესაძლებელი იყო იმის დანახვა, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.
მტკიცებულებად მან ჟურნალისტებს წარუდგინა ფოტოები ზემოაღნიშნული ქვეყნების საარჩევნო უბნებიდან.
საპარლამენტო არჩევნები - 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. კენჭისყრა 26 ოქტომბერს ჩატარდა.
არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ (53,93%). პარლამენტში შესულმა სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ და ერთმა პარტიამ, ცესკოს შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ არჩევნებულ ტოტალურად გაყალბდა. არჩევნებში სულ 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.