თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის Energy: Advancing Climate Mitigation ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრაზე.
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია (COP29) 11-13 ნოემბრის პერიოდში ტარდება. საქართველოს პრემიერი დელეგაციასთან ერთად ბაქოში 11 ნოემბრიდან იმყოფება. იგი COP29-ის ლიდერების სამიტზე სიტყვით 13 ნოემბერს გამოვა. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც 22 ნოემბრამდე გაგრძელდება, დაგეგმილია პანელური შეხვედრები, რომელიც მრგვალი მაგიტის ფორმატში სხვადასხვა თემებზე ჩატარდება.
„ფლაგმანური ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტ კაბელები, ისევე როგორც შავი ზღვის საბორნე მიმოსვლა, შეიძლება გახდეს გარდამტეხი ინიციატივები დაკავშირებადობის სფეროში და მტკიცედ გვაქვს განზრახული მათი განხორციელების დაჩქარება", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეს პროექტები ასევე მნიშვნელოვანია საიმედო ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების მიმართულებით, განსაკუთრებით, დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.
„ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გადაცემას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირის მიმართულებით, შეამცირებს დამოკიდებულებას ერთ მომწოდებელზე და გაამრავალფეროვნებს ენერგეტიკულ პორტფელს. ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ", - განაცხადა პრემიერმა.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
2024 წლის სექტემბრის დასაწყისში კი საქართველოს ენერგოოპერატორებმა („საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"), აზერბაიჯანმა (Azerenergy), უნგრეთმა (MVM Zrt) და რუმინეთმა (National Power Grid Company Transelectrica S.A) გააფორმეს ხელშეკრულება პროექტის ფარგლებში ერთობლივი საწარმოს შექმნის თაობაზე.
შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტი
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ პერსპექტიულია და ტექნიკურ-ეკონომიკურად - განხორციელებადი, აღნიშნულია კვლევაში, რომელიც სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ CESI მოამზადა.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას 2022 წლიდან ხორციელდებოდა. ასევე მომზადდება გარემოსა და სოციალური ზემოქმედების და ზღვის ფსკერის კვლევები, რომელთა განხორციელება 2025-2026 წლებშია დაგეგმილი.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.