თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში სატრანსპორტო ჰაბის განვითარება რაიონის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, ნათქვამია „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნებულ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და განვითარების გეგმაში.
„ტრანსპორტის თვალსაზრისით, ქალაქს აქვს პოტენციალი გახდეს თანამედროვე საავტომობილო სატრანსპორტო ჰაბი. ეს ხელს შეუწყობს ვაჭრობის, გართობის ინდუსტრიისა და საზოგადოებრივი კვების განვითარებას, რაც გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სოციალურ პირობებს", - აღნიშნულია გურჯაანის განაშენიანების შესახებ დოკუმენტში.
გურჯაანი რეგიონის სხვა რაიონებს (საგარეჯო, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, სიღნაღი) სატრანსპორტო მაგისტრალებით უკავშირდება და წარმოადგენს საქართველოს დედაქალაქთან ამ რაიონების დამაკავშირებელ კვანძს.
„სატრანსპორტო კავშირების კონცენტრაციით, გურჯაანი შესამჩნევად ჯაბნის კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრ თელავს. ამ თვალსაზრისით სავსებით გამართლებულია გურჯაანმა იტვირთოს ჰაბის ფუნქცია. მიუხედავად იმისა რომ, თელავი გომბორის გავლით თბილისსაც უკავშირდება, ამით გურჯაანის მდებარეობის უპირატესობა არ მცირდება“, - აღნიშნულია გურჯაანის განაშენიანების შესახებ დოკუმენტში", - ნათქვამია დოკუმენტში.
ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზას, რომელიც გურჯაანზე გადის.
მოძრაობის ინტენსივობის ანალიზის მიხედვით, 2023 წელს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალზე ტრანზიტული მოძრაობა, 2019 წელთან, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, 135%-ით გაიზარდა და ზრდის ტენდენცია 2022 წლიდან ნარჩუნდება.
გარდა ამისა, ხელისუფლება მთლიანად ავითარებს კახეთის გზატკეცილს. ასევე მიმდინარეობს თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის მშენებლობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენდა 35 კმ-იანი ასფალტ-ბეტონისა და ცემენტ-ბეტონის ოთხზოლიანი გზა, 46 საავტომობილო, 4 სარკინიგზო და 1 სამელიორაციო ხიდი, მოეწყო 8 მიწისქვეშა გადასასვლელი, 148 წყალგამტარი და 19 სამელიორაციო მილი.
გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 533,5 მილიონი ლარით დაფინანსდა.
დღეისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 341 კმ მაგისტრალური გზით, მათ შორის, აშენებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 282 კილომეტრი.