FIFA-ს პრეზიდენტი თბილისში სპეციალური ვიზიტით ჩამოდის

ვიზიტის ფარგლებში ჯანი ინფანტინო საფეხბურთო ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო საქართველოს სპეციალური ვიზიტით 13 ნოემბერს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში ინფანტინო ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდება. FIFA-ს პრეზიდენტთან ერთად საქართველოში ჩამოვა ფრანგული ფეხბურთის ვეტერანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი იური ჯორკაეფი.
გარდა ამისა, დაგეგმილია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის დათვალიერება, მათ შორის, „ავაზას” ყოფილ ტერიტორიაზე ფეხბურთის ცენტრის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მონახულება.
პროექტი პროგრამა FIFA Forward-ის, უეფას პროგრამა Hat Trick-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება. მშენებლობის დასრულება 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
FIFA-ს წარმომადგენლები ასევე დაათვალიერებენ ქართველი ლეგენდარული თავდამსხმელის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს.
ინფანტინოს FIFA-ს პრეზიდენტის პოსტი 2016 წლიდან უკავია, მანამდე იგი უეფას გენერალური მდივანი იყო.