თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ნიუ-იორკში დასრულდა ბილ ფარელის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი, სადაც რამოდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ქართველმა მძიმეწონოსანმა, ზვიად პატარიძემ იასპარეზა და ჩემპიონი გახდა, იუწყება „პირველი არხი".
პატარიძემ ფინალში ამერიკის სახელით მოასპარეზე კუბელი ფრიმანი ანგარიშით 6:0 დაამარცხა, მანამდე კი უკრაინელ ვიშნიცკის და ამერიკელ მესონს დამაჯერებლად მოუგო.
პატარიძეს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველთა შორის ყველაზე მეტჯერ, ექვსჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებს, ახალგაზრდებსა და 23-წლამდელთა შორის.
აღსანიშნავია, რომ პატარიძე რამდენიმე წელია აშშ-ში ცხოვრობს და მას საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზაზა სილაგაძე ავარჯიშებს.