საეკლესიო კალენდარი: 11 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 ნოემბერს წმიდა სერაპიონ ზარზმელის, ღირსმოწამე ანასტასია რომაელის, ღირსი აბრაამ დაყუდებულის და მისი ძმისწულის ნეტარი მარიამის, ასევე ღირსი ანას ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში
წმიდა სერაპიონ ზარზმელი
წმიდა სერაპიონ ზარზმელი კლარჯელი აზნაურის შვილი იყო. ღირსი სერაპიონის მამა კვიპრიანე და დედა ღვთისმოშიშებით და პატიოსნად ცხოვრობდნენ. სერაპიონს ჰყავდა ორი ძმა. დედა ადრე გარდაეცვალა. შვილები კეთილად აღზარდა მამამ და მცირე ხნის შემდეგ იგიც აღესრულა. სერაპიონს სიყრმიდანვე მეუდაბნოების სურვილი ჰქონდა. სერაპიონი თავის უმცროს ძმასთან, იოანესთან ერთად წავიდა და თავი თვისი შეჰვედრა დიდ მიქელ პარეხელს. ღირსმა მამამ მიიღო სერაპიონი და იოანე. ღირსი მიქელი ხედავდა სერაპიონის საღმრთო მოქალაქეობას, მოშურნეობას და მღვდლად აკურთხა იგი.
ერთხელ, ლოცვისას, ღირსმა მიქელმა იხილა მღვდელშვენიერად შემოსილი კაცი, რომელმაც უბრძანა, რომ მის მიერ განსწავლული მოწაფეები, სერაპიონი და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. ძმებს თანაშემწედ „თანაეტჳრთათ ცხოველი ხატი ფერისცვალებისაჲ“.
ბერები მშვიდობით მივიდნენ ადგილზე, ძალიან მოეწონათ ერთი მთა, დაათვალიერეს იქაურობა, და, მიუხედავად იმისა, რომ „სასწაულნი იგი ადგილსა ამას“ ვერ იხილეს, გადაწყვიტეს, აქ აეშენებინათ მონასტერი. მალე იქაურმა მცხოვრებლებმა ძმები განდევნეს. დაღონებულმა ბერებმა მდინარის გაღმა, დასავლეთით, სწორედ ის ადგილი იპოვეს, რომელიც მიქელმა იხილა გამოცხადებით. ამ მხარის მთავარი იყო კეთილმსახური ფეოდალი გიორგი ჩორჩანელი. ერთხელ, ნადირობისას, გიორგი ჩორჩანელმა ნახა უსიერი ტყის თავზე აღმართული კვამლი, გაუკვირდა და მაცნე გაგზავნა ამბის გასაგებად. მას აუწყეს ორი საკვირველი ბერის შესახებ. გიორგი დიდი პატივით გაეშურა მამებისკენ, მდაბლად მოიკითხა, თაყვანი სცა ფერისცვალების წმიდა ხატს და კურთხევა ითხოვა ბერებისგან. შემდეგ იქაურობა უბოძა მონასტრის ასაშენებლად და მთელი იმ ადგილების დამტკიცებასაც დაჰპირდა, რომელსაც ბერები დილიდან საღამომდე შემოივლიდნენ. მაგრამ ყველა ადგილობრივი მკვიდრი როდი შეხვდა ბერებს ასე გულთბილად: დაბა-წისქვილის მცხოვრებლები აუჯანყდნენ და ყოველნაირად ცდილობენენ მათ დაბრკოლებას. წმიდა სერაპიონმა გონებადაბინდულ ხალხს წინასწარმეტყველურად მიმართა: „ვიხილე უღმრთო ამაღლებული ნაძვთამდე ლიბანისათა და თანაწარვხედ და არა იპოვა ადგილი მისი“. იმ ღამით დიდი სასწაული აღესრულა: მიწა იძრა, კლდე გაიპო, სათახვის მღვრიე ტბა გადმოდინდა და დაბა-წისქვილი წალეკა, მხოლოდ ორი ძმა გადარჩა სასწაულებრივად: ახდა წმიდა სერაპიონის წინასწართქმა. შიშით თავზარდაცემულმა ხალხმა ამ ადგილს ზარზმა უწოდა.
საეკლესიო კალენდარი: 10 ნოემბერი
ძმებმა ეკლესიისთვის შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყეს. წმიდა სერაპიონს მაღალ ბორცვზე სურდა მშენებლობის დაწყება, იოანე და სხვა ბერები კი ეუბნებოდნენ: ეს ადგილი მაღალია და ცივი, ხოლო ძმები შიშვლები და გლახაკნიო. მაშინ ნეტარი მამები ასე მოიქცნენ: ორ კანდელში თანასწორი რაოდენობის ზეთი ჩაასხეს. ერთი თავად სერაპიონმა დადგა მაღალ ბორცვზე, მეორე კი ბორცვის სამხრეთით, მცირე ღელეში - იოანემ. ორივენი დადგნენ ლოცვად. როცა გათენდა, ნახეს, რომ სერაპიონის კანდელი დაშრეტილიყო, იოანესი კი შუა-სამხრამდე ბრწყინავდა.

ეკლესიის საძირკველი იოანეს არჩეულ ადგილზე ჩაყარეს, მაგრამ მშენებლობა გაძნელდა: ირგვლივ დაბურული ტყეები იყო, მშენებლობისთვის საჭირო ქვები მხოლოდ მდინარეში იპოვებოდა. გიორგი ჩორჩანელის რჩევით, უმწის მიწისძვრისგან დანგრეული ეკლესიის ქვებიც გამოიყენეს და სამ წელიწადში ტაძრის მშენებლობდა დასრულდა, წესისამებრ შეიმკო იგი და შიგ დაასვენეს ფერისცვალების სასწაულთმოქმედი ხატი.
წმიდა სერაპიონი პატივით დაკრძალეს საკურთხევლის აღმოსავლეთით. წმიდა მამას თავისი საფლავი ადრევე გაეთხარა საკუთარი ხელით, რომ მისი ხილვისას მოჰგონებოდა სიკვდილი, „რომელი იგი სამარადისოდ წინაშე თვალთა აქვნდა“.
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი, ერთი ცნობით - იმპერატორ დეკიუსის (249-251), სხვა წყაროს მოწმობით კი - ვალერიანეს (253-260) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის.
ღირსი აბრაამ დაყუდებული და ნეტარი მარიამი, ძმისწული მისი
ღირსი აბრაამ დაყუდებული, ასურელი მოღვაწე, IV საუკუნეში ცხოვრობდა. წმიდანი შეძლებული ოჯახის შვილი იყო, მაგრამ ერთ უკაცრიელ ქოხში დაეყუდა. და მკაცრ მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. როცა მშობლები გარდაეცვალა, უფლის რჩეულმა მისი კუთვნილი მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა.
რამდენიმე ხნის შემდეგ ედესის ეპისკოპოსისა და სამღვდელოების თხოვნით მან ხუცესის ხარისხი მიიღო
დაუცხრომელი ღვაწლისთვის მას უფალმა კურნებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა. უკვე მოხუცი ღირსი აბრაამი მიცვალებამდე თხუთმეტი წლით ადრე მეორეჯერ, ამჟამად მცირე ხნით, გამოვიდა დაყუდებიდან - წრფელ გზას გადამცდარი თავისი ძმისწულის, მარიამის გადასარჩენად. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მოსაგრე ცხოვრების შემდეგ სამოცდაათ წელს მიღწეული უფლის რჩეული მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 360 წელს.
ღირსი მარიამი, აბრაამ დაყუდებულის ძმისწული, შვიდი წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა და აღსაზრდელად ბიძას ჩააბარეს. უბიწო ასული ბიძასთან ერთად მარხულობდა, მღვიძარებდა, გალობდა. აბრაამმა ძმისწულის მთელი ქონება ობლებსა და გლახაკებს განუყო და ცრემლით ევედრებოდა უფალს, „რაჲთა არა შეიკრას გონებაჲ მისი რომელითამე ქუეყანისა საქმითა და ზრუნვითა“.
ნეტარის სიყვარულით აღძრულმა, ერთმა ყმაწვილმა შეძლო წმიდა ქალწულის ცთუნება. ცოდვის აღსრულების შემდეგ გონს მოსული ასული სასოწარკვეთილებამ მოიცვა, სახლში დაბრუნება ვერ გაბედა, სხვა ქალაქს მიაშურა და გარყვნილ ცხოვრებას მიეცა.. ორი წლის შემდეგ წმიდა მამამ მარიამის ადგილსამყოფელიც გაიგო, გამოვიდა ქოხიდან, ერისკაცის სამოსელი შეიმოსა და ქალაქს მიაშურა. საროსკიპოში შესულმა წმიდანმა მოითხოვა მარიამი. აბრაამი ტირილით ევედრებოდა და შეაგონებდა მას. როცა გათენდა, ბიძა-ძმისწული დაყუდების ადგილს დაუბრუნდნენ. აბრაამმა მარიამი შიდა სენაკში შეიყვანა, სადაც ადრე თავად მოღვაწეობდა, თვითონ კი გარეთა სანაკში დამკვიდრდა. ფიცხელი ღვაწლისთვის უფალმა თავის რჩეულს ცოდვათა მიტევება და კურნების ნიჭი მიმადლა.
ნეტარი აბრაამის გარდაცვალების შემდეგ ღირსმა მარიამმა ხუთი წელი იცოცხლა. როცა უფალმა წმიდა დედის სულიც შეივედრა, „პირი მისი. გაბრწყინდა, ვითარცა მზე“.
ღირსი ანა
ღირსი ანა ევფიმიანეს სახელით მოღვაწეობდა მამათა ერთ-ერთ სავანეში ოლიმპოს მახლობლად. ცნობები მის შესახებ იხილეთ 13 ივნისის საკითხავებში.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით