თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, პირისპირ შეხვედრა ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა.
„მხარეებმა კონფერენციაზე განსახილველ საკითხებსა და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლს ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სამთავრობო დლეგაციასთან ერთად, ბაქოში გუშინ გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29).
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია (COP29) 11-13 ნოემბრის პერიოდში ტარდება - კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მასპინძლობენ.
დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა COP29-ის ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.
გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია ფოკუსირებული იქნება კლიმატის გავლენის შეფასებაზე როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ლიდერები იმსჯელებენ იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს, მათ შორის, ემისიების შემცირებას, რის გარეშეც გლობალური დათბობის მძიმე გავლენის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება.
COP29-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.