თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საიას, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების გაბათილების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ყველა ოლქის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილობას და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვდა, კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” კი ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვდა.
10 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების საჩივრების განხილვა თითქმის 10 საათი გაგრძელდა. მომჩივანი მხარის ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.
საიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებსთავიანთი მტკიცებულებების არგუმენტად დაასახელეს ის, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი. ცესკოში კი ამტკიცებენ, რომ ბიულეტენის სწორი მოთავსება სპეციალურ სქელყდიან საქაღალდეში სრულად უზრუნველყოფს ფარული კენჭისყრის პრინციპის დაცვას.
„არანაირი ნდობა არ შეიძლება ჰქონდეს იმ პროცესს, რომელიც წარიმართა ცესკოში. ყველა იმ პირმა, ვინც გადაწყვეტილება მიიღეს და მხარი დაუჭირეს საჩივრების არდაკმაყოფილებას, ზუსტად იცოდნენ რასაც აპირებდნენ და შეეცადნენ, რომ ამით რაღაც დეკორაციული პროცესი შეექმნათ", - განაცხადა ცესკოს წევრმა პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის" გიორგი სიორაძემ.
ერთადერთი შესაძლო გამოსავალი შეიძლება იყოს არჩევნების ლეგიტიმურად არაღიარება და განმეორებითი არჩევნების დანიშვნა, აღნიშნა მან.
თავის მხრივ, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის გიორგი სანტურიანის განმარტებით, დადგინდა, რომ ახალი გარემოებები არც წარმოდგენილ მასალებში და არც შეხვედრაზე არ გამოვლენილა
„საჩივრები დაუსაბუთებლად იქნა შეტანილი და თავის მრივ, საოლქო საარჩევნო კომისიებმა კანონმდებლობაში არსებული რეგულაციების საფუძველზე, ძალაში შესული ოქმებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, შეადგინეს და შეაჯამეს შესაბამისი შედეგები“, - განაცხადა სანტურიანმა.
მანამდე, 7 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევის აღიარების და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღმოსავლეთ საქართველოში 1293-ვე საარჩევნო უბანზე, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიები იყო გამოყენებული.
ერთი დღით ადრე კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, ეღიარებინა არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასობრივი დარღვევა და დასავლეთ საქართველოს ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა.
საპარლამენტო არჩევნები - 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა.
არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის".
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა, რომლებმაც არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს, უარი განაცხადეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენი თავსდება.
ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.