ცესკო: ISFED-ის ახალი კვლევა ცესკოს რეპუტაციის დაზიანების მორიგი მცდელობაა

ასეთი „მასშტაბური“ კვლევის მიზანი არის ცესკოს რეპუტაციის ყოველმხრივ შელახვა, ნათქვამია განცხადებაში
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სოციალურ ქსელების ყალბ გვერდებთან, რომლებიც მის მხარდამჭერ კამპანიას ატარებენ, კავშირი არ აქვს, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) კვლევის პასუხად ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ISFED-ის ინფორმაციით, გამოვლენილია შვიდი ყალბი და 15 საეჭვო გვერდი, რომლებიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე" ჩართული არიან საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლო კამპანიაში. აღნიშნული გვერდებიდან ისინი წერენ იდენტურ ან მსგავს დადებით კომენტარებს საპარლამენტო არჩევნებზე გამოყენებულ ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, ასევე კომენტარებს, რომლებიც აფასებენ არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებს.
„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად აცხადებს, რომ არანაირი კავშირი ე.წ. ყალბ და საეჭვო გვერდებთან არ აქვს, არც ჰქონია და მომავალშიც არ განიხილავს ამგვარ არაკეთილსინდისიერ მექანიზმებს თავის საქმიანობაში", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნათქვამია, რომ ასეთი „მასშტაბური“ კვლევის მიზანი არის ცესკოს რეპუტაციის ყოველმხრივ შელახვა.
„ამ ე.წ. კვლევის იმ დროს გამოქვეყნება, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა საარჩევნო დავების განხილვის უმნიშვნელოვანესი პროცესი, საეჭვოს ხდის ორგანიზაციის რეალურ მიზანს და ცხადად მიუთითებს მის დაინტერესებაზე ნებისმიერი ფორმით და საშუალებით დააზიანოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცი", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული კვლევა დაინტერესებულმა მხარეებმა გამოიყენეს იმგვარად, თითქოს ყოველივე ამის უკან საარჩევნო ადმინისტრაცია დგას.
„სამართლიანობისთვის კარგი იქნებოდა, ორგანიზაციას იმავე ანგარიშში მიეთითებინა საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ უტყუარად დადასტურებული ყალბი და საეჭვო გვერდების ორგანიზებული შეტევების ფაქტები", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცესკოში აღნიშნეს, უწყება სწორედ ამ ყალბი გვერდების თავდასხმების სამიზნე განსაკუთრებით 2020 წლიდან გახდა, მას შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის არასწორი შედეგები გამოაქვეყნა.
2020 წლის დეკემბერში ISFED სკანდალში გაეხვა. ის ცესკოს პარალელურად ითვლიდა ხმებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე, რა დროსაც სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს იყენებდა. მაში ცესკომ განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,22% მიიღო (პარტიული სიების მიხედვით), ხოლო ISFED-ის მონაცემებით – 45,8%. ოპოზიციამ მაშინვე განაცხადა, რომ ციფრების შეუსაბამობა არჩევნების შედეგების გაყალბებაზე მიუთითებს.
როგორც გაირკვა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაუშვა შეცდომა, მაგრამ ეს მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ აღიარა. არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელური დათვლის ახალი, განახლებული მონაცემები თითქმის მთლიანად დაემთხვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს.
როგორც ცესკოში აღნიშნეს, ორგანიზაცია, რომელმაც 2020 წელს ხმების პარალელური დათვლის არასწორი შედეგები გამოაქვეყნა, ამჯერად უარს აცხადებს ანგარიშის გამოქვეყნებაზე, რომელიც მკაფიოდ დაადასტურებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ცესკოს შედეგებს.
ამასთან, ნათელი ხდება, ბოლო წლების მანძილზე პირველად ISFED-მა თუ რატომ არ მოაწერა ხელი ცესკოსა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის გაფორმებულ ქცევის (ეთიკის) კოდექსს, მით უმეტეს, რომ აღნიშნული კოდექსის შემუშავების ერთ-ერთი მონაწილე და ინიციატორი თავად გახლდათ.
„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად განხორციელდეს მიუკერძოებელი და ობიექტური დაკვირვება საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით. შესაბამისად, მოვუწოდებთ სამართლიან არჩევნებს, დაუბრუნდეს კეთილსინდისიერი დაკვირვების სტანდარტს და იმოქმედოს მაღალი ეთიკური პრინციპების დაცვით“,- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. კენჭისყრა 26 ოქტომბერს ჩატარდა.
არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ (53,93%). პარლამენტში შესულმა სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ და ერთმა პარტიამ, ცესკოს შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ არჩევნებულ ტოტალურად გაყალბდა. არჩევნებში სულ 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.