თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ფრანგული „სენ ეტიენის" ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ლიგა 1-ის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ზურიკო დავითაშვილი ასევე გახდა ოქტომბრის საუკეთესო გოლის ავტორიც. ლიგა 1-მა „ოსერის“ კარში მისი პირველი გოლი გამოარჩია. ოქტომბერში დავითაშვილმა სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა - დავითაშვილმა ორჯერ „ანჟეს“ გაუტანა, ხოლო „ოსერის“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან ერთად თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრედლი ბარკოლა (პსჟ) და ლუკას შევალიე („ლილი“) იბრძოდნენ.
UNFPA Football Trophies-ი პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნული კავშირის (UNFP) მიერ დაწესებული ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა მოთამაშეებს, რომლებიც თამაშობენ საფრანგეთის ლიგა 1-ში, ლიგა 2-ში და ქალთა ლიგაში.
საფრანგეთის ლიგაში 1-ში ჩატარებული თამაშების შემდეგ დავითაშვილის საბაზრო ღირებულება 5 მლნ ევრომდე გაიზარდა.
დავითაშვილი „სენტ-ეტიენში" „ბორდოდან" მალევე გადავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა 10 ივლისს გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. კონტრაქტი ოთხ წელზეა გათვლილი.
დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლიდან თამაშობდა. 2023 წლის ზაფხულში მან კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი (2027 წლამდე).
2018 წელს გაზეთმა Guardian-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა, 2020 წლის დასაწყისში კი უეფამ ზურიკო დავითაშვილი 50 ახალგაზრდა ტალანტის სიაში შეიყვანა.