თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. მიმდინარე წელს იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, რომლებმაც ქონებრივი დეკლარაცია შეავსეს, 2023 წელთან შედარებით 9,5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 402 ათასი შეადგინა, იუწყება საქართველოს შემოსავლების სამსახური.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქონების გადასახადის ვალდებულება ეკისრება ყველა პირს, რომლის საკუთრებაშიც უძრავი ქონება - მიწა, საცხოვრებელი ან კომერციული ფართი, ავტომობილი, ასევე მცურავი და მფრინავი საშუალებებია რეგისტრირებული და რომელთა ოჯახის წინა წლის შემოსავალი 40 ათას ლარს აჭარბებს.
ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია 1-ელ ნოემბამდე უნდა წარედგინათ, ხოლო ქონების გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
შემოსავალად ითვლება ოჯახის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი შემოსავალი და მოგება, მათ შორის ბიზნესიდან, ფულადი გადარიცხვებიდან და ხელფასიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, პირის ოჯახის წევრად უპირობოდ ითვლება მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები, მშობლები, ბებია-ბაბუები, შვილიშვილები, ძმები, დები, რომლებიც ცხოვრობენ დეკლარაციის შემავსებელ პირთან ერთად.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ასეთი პირებისთვის გადასახადის ჯამურმა ოდენობამ 95,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17%-ით მეტია.
გადასახდელი ქონების გადასახადის საშუალო დეკლარაციის მოცულობა 237 ლარს შეადგენს. გასულ წელს აღნიშნული თანხის ოდენობამ 230 ლარი შეადგინა.