თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტის - „რადიოქალაქის" პირველი ეტაპი ოქტომბრის ბოლოს დასრულდა. ამის შესახებ მედიაპლატფორმა BM.GE-სთან კომპანია „აჭარა ჯგუფის“ წარმომადგენელმა განაცხადა.
თბილისის მერიამ პროექტის განხორციელებისთვის აუქციონი 2019 წელს გამოაცხადა, რომელშიც გაიმარჯვა შპს „ინდუსტრიულმა ქალაქმა“ („აჭარა ჯგუფში“ შემავალი კომპანია).
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას საკუთრებაში გადაეცა ყოფილი „რადიოქარხნის“ ტერიტორია. კომპანიამ აღნიშნული ქონების პრივატიზების სანაცვლოდ, მერიის ბიუჯეტში გადაიხადა 23 მლნ ლარზე მეტი.
„რადიოქალაქის“ ტერიტორია 12 ჰექტარს მოიცავს, პროექტის ჯამური ინვესტიცია კი 90 მილიონ ლარამდეა, საიდანაც 43 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა.
პროექტი სამ ეტაპად ვითარდება. პროექტის დასრულება 2025 წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტის საბოლოოდ დასრულების შემდეგ სივრცე გააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორს და 200-ზე მეტ ეკონომიკურ საქმიანობის წამოწყებას ხელს შეუწყობს.
ამ ეტაპზე „რადიო ქალაქში "დასაქმებულია 45 ადამიანი. „რადიო ქალაქი" სარეკრეაციო, სამუშაო, საკონცერტო, საგამოფენო და გამაჯანსაღებელ სივრცეებს გააერთიანებს. აქვე მოეწყობა D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე, საწარმოო და სახელოსნო ადგილები, რესტორნები, ბარები, სკეიტპარკი და სპორტული კორტები.
გარდა ამისა, რადიოქალაქი გახდება ტექნოლოგიური სტარტაპების, საგანმანათლებლო პროგრამების, ტექ-კომპანიების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების თავშეყრის ადგილი. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს შორის ახალი კავშირებისა და ცოდნის მიმოცვლას.