თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იაპონიის ქალაქ კობეში Сhallenger ტურნირზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.
საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა სამხრეთაფრიკელი ფილიპ ჰენინგი ორ სეტში – 6:3, 6:4 დაამარცხა.
კობეს ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად ბასილაშვილს ერთი შეხვედრის მოგება სჭირდება, მისი მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იაპონელი მორია იქნება, რომელსაც ორი კვირის წინ სეულში სძლია.
ამჟამად ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში 215-ე ადგილზეა.
2023 წლის გაზაფხულზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხელის ტრავმა მიიღო, ზაფხულში მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა და კორტზე დაბრუნება მან ოქტომბერში შეძლო. 2023 წლის ნოემბრიდან ყველაზე ცნობილმა ქართველმა ჩოგბურთელმა საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაკარგა. მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.
მსოფლიო რეიტინგში ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მე-16 ადგილი იყო, მას ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.