ძიუდო: ქართველმა ვეტერანებმა ლას-ვეგასში გამართულ ჩემპიონატზე ათი მედალი აიღეს

Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. ლას-ვეგასში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის საქართველოს ნაკრებმა 10 მედალი მოიპოვა, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ვეტერანთა შორის ლას-ვეგასში 4-7 ნოემბერს გაიმართა და მასში 68 ქვეყნის 1278 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ქართველმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო მეხუთე ადგილზე გავიდა. ბრაზილიის ნაკრებმა 28 მედლით პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები დევიკო გობეჯიშვილმა (-100 კგ), ალექსი დავითაშვილმა (+100), ლაშა ტაველურმა (+100 კგ), გივი ნადარეიშვილმა (-60 კგ) მოუტანეს.
ვერცხლი მოიპოვეს პაატა მერებაშვილმა (-66 კგ), გიგლა ალიბეგაშვილმა (-73 კგ), ლაშა მიქაბერიძემ (-90 კგ). ბრინჯაო აიღეს გიგლა წიფიანმა (-73 კგ), დავით უძიალაურმა (-81 კგ), ავთანდილ ბოგვერაძემ (+100 კგ).
მამაკაცებში მედლების კომპლექტები გათამაშდა 61 კატეგორიაში და ქალებში - 30 კატეგორიაში.