სალომე ზურაბიშვილს დარჩენილ ორ თვეში მაქსიმალური სიამოვნების მიღება სურს: პრემიერ-მინისტრი

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს სურს თანამდებობაზე ყოფნისგან სიამოვნება მიიღოს, რადგან მისი საპრეზიდენტო ვადა მალე ამოიწურება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში.
სამიტის გახსნამდე ერთი დღით ადრე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი რამდენიმე ევროპელ ლიდერს ესაუბრა, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს. როგორც პრეზიდენტმა სოციალური ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ევროპამ საქართველოს მიმართ „მკაფიო და მდგრადი პოლიტიკა“ უნდა გაატაროს.
„მას გასდის ძალიან მალე ვადა ყველა თვალსაზრისით, შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს იმ დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც მას აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან“, - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერმა.
გავა ეს ორი თვეც და სალომე ზურაბიშვილი ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევენ არა საქართველოს მოქალაქეები, როგორც ადრე, არამედ საარჩვენო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარტიები, რომელთაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს. გარდა ამისა, საპრეზიდენტო ვადა ხუთიდან ექვს წლამდე გაიზრდება.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, რადიკალურ ოპოზიციას შეუერთდა. ამასთან, როგორც მმართველი ძალა აცხადებს, ოპოზიციას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.
მმართველ პარტიაში „კოლექტიურ აგენტურად", „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.