პრემიერმა „გამჭვირვალობის“ და „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის კანონების კრიტიკოსებს უპასუხა

საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გახდა დასავლეთის კრიტიკის სამიზნე
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შესაბამისი არგუმენტები მოთხოვა მათ, ვინც აკრიტიკებს და პრეტენზიებს უყენებს ქვეყანაში მიღებულ კანონებს - „ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, თუ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ კურსს და არ გამოავლენს ხელშესახებ ძალისხმევას რეფორმების განხორციელებაზე, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი კანონმდებლობის გაუქმებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ისინი ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" და „გამჭვირვალობის შესახებ" კანონებთან დაკავშირებით თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, მაშინ კონკრეტულად უნდა გვითხრას, რა არ მოსწონს, რომელი მუხლი, რომელი ნორმა“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით საჭიროა არგუმენტები.
„მაგალითად, რომ დავიწყოთ საუბარი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთან" დაკავშირებით, აქ საუბარია ელემენტარულ საკითხებზე, აქ არის ბანალური თემა, უნდა გავარკვიოთ საბოლოო ჯამში კაცი კაცია, თუ არა, ქალი ქალია, თუ არა“, - განაცხადა კობახიძემ.
საუბარია იმაზე, რომ ასეთი საკითხები მყარად იყოს გაწერილი, აღნიშნა პრემიერმა. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში, აღნიშნა კობახიძემ, ეს ასე არ არის - ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია უცბად გადაეწეროს ქალად, მერე კვლავ გახდეს კაცი.
„ეს არის უზრუნველყოფილი არაერთი ევროპული ქვეყნის კანონმდებლობით. ჩვენი კანონი ეხება ზუსტად ამას, ამის თავიდან არიდებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სრული სიმახინჯე“, - განაცხადა კობახიძემ.
ამიტომ, პრემიერის თქმით, საჭიროა კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანას ასეთი განვითარებისგან დაიცავს, რომელიც დაიცავს ლგბტ პროპაგანდისგან სკოლებში ბავშვებს და ა.შ.
„საუბარია ელემენტარულ საკითხებზე. თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები ამ კანონთან დაკავშირებით, მაშინ კონკრეტულად უნდა გვითხრას, რა არ მოსწონს, რომელი მუხლი, რომელი ნორმა“, - აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება „გამჭვირვალობის“ კანონს, აქაც, პრემიერის თქმით, საჭიროა კონკრეტული არგუმენტები. კანონი არის ძალიან რბილი, არავითარი შეზღუდვა არ არის დადგენილი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, აღნიშნა პრემიერმა.
„ერთადერთი, რაც არის დადგენილი, არის ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის ჩაბარება იუსტიციის სამინისტროში. ამასთან დაკავშირებით თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ამ დეკლარაციის ჩაბარება არ არის კარგი, კი ბატონო, ვიმსჯელოთ, მაგრამ პირველ რიგში გვჭირდება არგუმენტები ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერმა.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. კრიტიკა გაძლიერდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადეს პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.