თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ხუთშაბათს ფიზიკური პირის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო საბურთალოს რაიონში გაზმომარაგება ავარიულად შეწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy.
გაზი გაითიშა 18:00 საათზე, შედეგად გაზმომარაგების გარეშე 8,5 ათასზე მეტი აბონენტი დარჩა.
საცხოვრებელი სახლების გარდა, 24 საათით გაზის გარეშე დარჩნენ კვების ობიექტები, სკოლები და საბავშვო ბაღები, საცხობები, პოლიკლინიკები, მაღაზიები და # 5 კლინიკური საავადმყოფო, პედიატრიული კლინიკა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკა, შპს ,,კოლხი", საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, დაზვერვის სამსახური, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
აღდგენითი სამუშაოების შემდეგ გაზმომარაგება 8 ნოემბერს 10:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება.
კომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ ყურადღება და არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.