თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა, რომლებიც სასამართლოებსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა, დასრულებულია, განაცხადა ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა.
კენჭისყრის დღეს სულ 1201 საჩივარი იყო წარმოდგენილი, ეს საჩივრები შეიტანეს დამკვირვებლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიებიდან.
„როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ისე საერთო სასამართლოებში, ფაქტობრივად, სარჩევნო დავების განხილვა სრულად დასრულებულია“, - განაცხადა სანტურიანმა.
„მთლიანობაში კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი იყო 1201 საჩივარი, ამათგან 537 შეეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას ან გადათვლას. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით წარმოდგენილი იყო 466 საჩივარი, ხოლო მოთხოვნის გარეშე - 47“, - განაცხადა სანტურიანმა.
მისი თქმით, კიდევ 151 საჩივარი წარმოადგენდა ცესკოს მხრიდან შესაბამისი რეაგირების მოთხოვნას ან შესაბამისი ქმედების განხორციელების თაობაზე მოთხოვნას.
„წარმოდგენილი საჩივრებიდან ჯამურად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ან დაკმაყოფილდა 167. არ დაკმაყოფილდა 917, განუხილველად დარჩა 107 საჩივარი, რაც მთლიანობაში წარმოდგენილი საჩივრების 8,9%-ია“, - განაცხადა სანტურიანმა.
მისი თქმით, ამ ეტაპისთვის მხოლოდ 10 საჩივარია განხილვაში, რომელიც არ შეეხება კენჭისყრის შედეგებს, ან უშუალოდ არ არის დაკავშირებული შედეგებთან და შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას.
მისი თქმით, წარმოდგენილი საჩივრების შედეგად და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა 290 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს და საერთო ჯამში საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გაბათილებულ იქნა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები.
მათ ნაწილთან დაკავშირებით ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები. ასევე, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გადათვლილ იქნა 12 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, რომელთა ნაწილთან დაკავშირებითაც ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები.
მთლიანობაში, ჯამურად გადათვლილ იქნა კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები და მთლიანობაში, ხელახლა დათვლის შედეგებმა არსებითი ცვლილებები საბოლოო შედეგებში ვერ შეიტანა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ აგიტაციის არსებული წესების დარღვევის ფაქტებზე სულ წარმოდგენილი იყო 114 საჩივარი, საიდანაც 65 საჩივარი სოციალური ქსელებით აგიტაციას შეეხებოდა.
„განხილვების შედეგად შედგენილ იქნა 12 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაიგზავნა და მიეწოდა სასამართლოებს“, - განაცხადა სანტურიანმა.
მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლოებში საქმეების განხილვა უკვე დასრულებულია. ამასთან მას სასამართლოებში შესული საჩივრების რაოდენობა არ დაუსახელებია.
საპარლამენტო არჩევნები - 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა.
არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის".
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა, რომლებმაც არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს, უარი განაცხადეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენი თავსდება.