თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შეისწავლა მომხმარებლის საჩივარი მაღაზიის მხრიდან მოტყუების შესახებ, რომელიც დაპირდა მომხმარებელს აქციით მაცდურ საჩუქარს და ქეშბეკს, მაგრამ თავისი დანაპირები არ შეასრულა.
კერძოდ, მომხმარებელმა მოვაჭრისგან შეიძინა ნივთი, რომელსაც სააქციო პირობების შესაბამისად, საჩუქრად უნდა მოჰყოლოდა სარეცხის საშრობი და მომხმარებელს მაღაზიის ბალანსზე უნდა ასახვოდა ნასყიდობის ფასის 20% ე.წ. ქეშბექის სახით. აღნიშნული ქეშბექით მომხმარებელმა შეიძინა ხორცის საკეპი მანქანა. მომხმარებლის განცხადებით, სააქციო პირობების შესაბამისად, დაპირებული საჩუქარი და ქეშბექის თანხით შეძენილი ნივთი დღემდე არ ჩაუბარებია.
„სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებლისთვის საჩუქრის/პრიზის ილუზორული (მოჩვენებით მაცდუნებელი, განუხორციელებელი) დაპირება მიჩნეულია უსამართლო კომერციულ საქმიანობად, რაც აღნიშნული საქმის შესწავლის პროცესში დადგინდა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოში მოქმედებს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, რომელიც საქართველოში მცხოვრებს ყველა პირს აძლევს უფლებას მიმართოს სააგენტოს, გამყიდველის მიერ ვალდებულებების არაკეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში.
აღნიშნული საჩივრის შესწავლის შედეგად მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
სააგენტოს სტატისტიკით, 2024 წლის 10 თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, GCCA-ში 717 განაცხადი დაფიქსირდა. 138 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 70 დარღვევის ფაქტი.
GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 44 მოვაჭრეს - 73 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 44 901 ლარი. პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 143 საქმეზე - 121 შეთანხმება გაფორმდა.