თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. გულშემატკივრებისთვის, რომლებმაც საფეხბურთო ნაკრების უეფას ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა ვერ შეძლეს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანები დამონტაჟდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ მატჩს გამართავს: 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინის წინააღმდეგ, 19 ნოემბერს კი ქალაქ ოლომოუცში ჩეხეთის წინააღმდეგ.
„ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოვაწყობთ სპეციალურ სივრცეს, დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ და კვების ობიექტებს განვათავსებთ. შევქმნით ყველანაირ პირობას, რომ გულშემატკივარმა უქომაგოს ეროვნულ ნაკრებს", - განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ნაკრებმა უკრაინისა და ალბანეთის ნაკრებებთან დამარცხების შემდეგ B1 ჯგუფში ლიდერობა დაკარგა.
ოთხი ტურის შედეგებით, საქართველო ექვსი ქულით მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე ჩეხეთია (7 ქულა), ალბანეთი მესამეზე ადგილზე (6 ქულა), უკრაინა (4 ქულა) კი ბოლო ადგილზეა.
უკრაინასთან გასვლით პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ანგარიშით 1:0 დამარცხდა.
ჯგუფის ფინალური მატჩი ჩეხეთის ნაკრებთან 19 ნოემბერს ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში გაიმართება. საქართველოს ნაკრებმა თბილისში ჩეხებთან პირველი შეხვედრა გამანადგურებელი ანგარიშით 4:1 მოიგო.